ბიზნესომბუდსმენის აპარატი "თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში" ცვლილებების არსებული ფორმით მიღებას ეწინააღმდეგება. როგორც "საქმის კურსთან" ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ძნელაშვილი აცხადებს, კანონპროექტში ბევრი სადაო მუხლია, რომლის მიღება დაუშვებელია.
"არავინ არის წინააღმდეგ სახელმწიფომ მიიღოს ზომები, რომელიც მიმართული იქნება თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ, მაგრამ იმ ფორმით კანონპროექტის მიღება, რა ფორმითაც არის წარმოდგენილი, დაუშვებელია. ამოქმეების ვადებია გადასახედი. არ შეიძლება ამ ტიპის შეზღუდვები ამოქმედდეს დაუყოვნებლივ ან მცირე ვადებში. ამისათვის არანაკლებ ერთწლიანი ვადები უნდა იქნას დადგენილი. ბიზინესს ერთი წელი უკვე დაკონტრაქტებული აქვს მარკეტინგული ღონისძიებები, შესაბამსიად ერთ წელზე ადრე შეზღუდვების ამოქმედება სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებს ბიზნესს. ჩვენ პრინციპულ წინააღმდეგობას ვუწევთ მაგალითად ზიანის ანაზღაურების პრინციპის შემოღებას, რაც წრმოუდგენელია საქართველოსთვის. ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცენდენტი, ეს საფუძველს დაუდებს ცუდ პრაქტიკას სასამართლოში", - აცახდებს ზურაბ ძნელაშვილი.
მას წარმოუდგენლად მიაჩნია ასევე კანონპროექტში თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლების არმონაწილეობა.
"თამბაქოს ინდუსტრიის დაუშვებლობა განხილვებში წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება პირს უწესებდე რეგულაციებს და ის არ მონაწილეობდეს ამ რეგულაციების განხილვის პროცესში. არ ისმენდე მათ პოზიციას. შეიძლება მოისმინო და არ გაითვალისწინო, მაგრამ ის, რომ კარები მოუხურო და დახურულ კარებს მიღმა იმუშაო და შემდეგ პირდაპირ გამოუქვეყნო რეგულაციები, ეს არ იქნება სწორი", - განმარტავს ძნელაძვილი.
შეგახსნებთ, "თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში" ცვლილებებთან დაკავშირებით 17 გვერდიანი შენიშვნები აქვს მთავრობას. ერთ-ერთი მათგანი სწორედ კანონპროექტის განხილვებში ბიზნესის არმონაწილეობას ეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბიზნესის მონაწილეობის შეზღუდვის მიზანშეწონილობა გასააზრებელია, რადგან ამგავრი აკრძალვა შესაძლოა გაუმართლებელი აღმოჩნდეს. "თამბაქოს ინდუსტრიას, როგორც წესი, აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნიათ. გადაწყვეტილების შემუშავებისა და მიღების პროცსიდან თამბაქოს ინდუსტრიის გამორიცხვამ კი შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს არა მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიაზე და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, არამედ სხვა დაინტერესებულ მხარეებზე’’-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ჯანდაცვის კომიტეტისტვის გაგზავნილ შენიშვნების დოკუმენტში.

























