როგორ შეინარჩუნა პუტინმა რუსი მილიარდერები ომში? - ამ სათაურით BBC რუსეთში მცხოვრები უმდიდრესი ადამიანების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
უკრაინასთან ომის პერიოდში რუსეთში მილიარდერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. თუმცა, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის 25 წლის განმავლობაში, რუსეთში მცხოვრებმა მდიდრებმა და ერთ დროს გავლენიანებმა - ოლიგარქებმა თითქმის მთლიანად დაკარგეს თავიანთი პოლიტიკური ძალაუფლება.
BBC წერს, რომ ეს მოცემულობა კარგი ამბავია რუსეთის პრეზიდენტისთვის. დასავლურმა სანქციებმა ვერ შეძლო სუპერმდიდრების კრემლის ლიდერის მოწინააღმდეგეებად გადაქცევა, პირიქით მისმა პოლიტიკამ ისინი ჩუმ მხარდამჭერებად აქცია.
ბრიტანულ გამოცემას ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს ყოფილი ბანკირი მილიარდერის ოლეგ ტინკოვის ამბავი, რომელმაც თავის Instagram-ზე დაწერა, რომ უკრაინაში შეჭრა „სიგიჟე“ იყო. ამის შემდეგ მისი ბანკის ხელმძღვანელობას კრემლი დაუკავშირდა. მათ უთხრეს, რომ მისი „ტინკოფ ბანკი“, რომელიც იმ დროს რუსეთში სიდიდით მეორე იყო, ნაციონალიზებული იქნებოდა, თუ მის დამფუძნებელთან - ოლეგ ტინკოვთან ყველა კავშირს არ გაწყვეტდნენ. ამის შემდეგ ერთ კვირაში, რუსეთის მეხუთე უმდიდრეს ბიზნესმენ ვლადიმერ პოტანინთან დაკავშირებულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ტინკოვის ბანკს ყიდულობდა. ტინკოვის თქმით, ბანკი მისი რეალური ღირებულების მხოლოდ 3%-ად გაიყიდა. საბოლოოდ, ტინკოვმა დაკარგა თითქმის 9 მილიარდი დოლარი თავისი ქონებიდან და რუსეთი დატოვა კიდეც.
"ეს ძალიან განსხვავდება იმისგან, თუ როგორ იყო საქმე პუტინის პრეზიდენტად გახდომამდე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში, ზოგიერთი რუსი ზღაპრულად გამდიდრდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მასშტაბური საწარმოების საკუთრებაში მიღებით და ქვეყნის ახლადშექმნილი კაპიტალიზმის შესაძლებლობების გამოყენებით.
ახლად შეძენილმა სიმდიდრემ მათ გავლენა და ძალაუფლება მოუტანა პოლიტიკური არეულობის პერიოდში და ისინი ოლიგარქებად გახდნენ ცნობილი.
რუსეთის ყველაზე გავლენიანმა ოლიგარქმა, ბორის ბერეზოვსკიმ განაცხადა, რომ 2000 წელს პუტინის პრეზიდენტად გახდომას ორგანიზება გაუწია და წლების შემდეგ, ამის გამო პატიება ითხოვა: „მე მასში ვერ ვხედავდი მომავალ ხარბ ტირანს და უზურპატორს, კაცს, რომელიც თავისუფლებას გათელავდა და რუსეთის განვითარებას შეაჩერებდა“, - წერდა ის 2012 წელს.
შესაძლოა, ბერეზოვსკიმ თავისი როლი გაზვიადებულად წარმოაჩინა, მაგრამ რუსეთის ოლიგარქებს ნამდვილად შეეძლოთ ძალაუფლების უმაღლესი ეშელონების მართვა.
ბოდიშის მოხდიდან ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში ემიგრაციაში იდუმალ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. იმ დროისთვის რუსული ოლიგარქიაც ნამდვილად მკვდარი იყო", - წერს BBC.
ამგვარად, როგორც გამოცემა წერს, როდესაც პუტინმა კრემლში რუსეთის უმდიდრესი ხალხი შეკრიბა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანებიდან რამდენიმე საათში, მათ თითქმის არაფერი შეეძლოთ წინააღმდეგობის გასაწევად, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რომ მათი ქონება ამ გადაწყვეტილებით სერიოზულ დარტყმას მიიღებდა.
შეხვედრაზე დამსწრე ერთ-ერთმა რეპორტიორმა შეკრებილი მილიარდერები „ფერმკრთალ და უძილო“ ადამიანებად კი შეაფასა. უკრაინაში შეჭრის წინა პერიოდი ძალიან მძიმე იყო რუსი მილიარდერებისთვის, ისევე როგორც მისი შემდგომი პერიოდი.
ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, 2022 წლის აპრილამდე პერიოდში მათი რიცხვი 117-დან 83-მდე შემცირდა ომის, სანქციებისა და რუბლის დასუსტების გამო. ჯამში, მათ დაკარგეს 263 მილიარდი დოლარი - ანუ საშუალოდ თითოეულის სიმდიდრის 27%. მაგრამ მომდევნო წლებმა აჩვენა, რომ პუტინის საომარი ეკონომიკის ნაწილად ყოფნით უზარმაზარი სარგებელიც უნდა მიეღოთ.
ომზე გაწეულმა უზარმაზარმა ხარჯებმა რუსეთში 2023 და 2024 წლებში წელიწადში 4%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია. ეს კარგი იყო რუსეთის ულტრამდიდრებს შორის იმ ადამიანებისთვისაც კი, რომლებიც თავდაცვის კონტრაქტებიდან პირდაპირ მილიარდებს არ შოულობდნენ.
წელს კი, Forbes-ის სიაში რუსი მილიარდერების ყველაზე მაღალი რაოდენობა - 140 დაფიქსირდა. მათი ჯამური ქონება (580 მილიარდი დოლარი) შეჭრის წინა წელს დაფიქსირებულ ყველა დროის მაქსიმუმს მხოლოდ 3 მილიარდი დოლარით ჩამორჩა.
ამასთან, BBC წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში თითქმის ყველა უმდიდრესი ადამიანი დუმდა, ხოლო იმ მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელიც საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა ამას, ქვეყნისა და სიმდიდრის დიდი ნაწილის მიტოვება მოუწიათ.
ხოლო ის 37 ბიზნესმენი, რომლებიც კრემლში 2022 წლის 24 თებერვალს დაიბარეს, დასავლეთის სანქციების სამიზნე გახდა, მაგრამ თუ დასავლეთს სურდა მათი გაღარიბება და კრემლის წინააღმდეგ შებრუნება, ეს ჩაიშალა. BBC-ის სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თუ რომელიმე მათგანი თავისი მილიარდებით დასავლეთში გადასვლაზე ფიქრობდა, სანქციებმა ეს შეუძლებელი გახადა.
„დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსი მილიარდერები დროშის გარშემო გაერთიანდნენ“, - ამბობს ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) წარმომადგენელი ალექსანდრე კოლიანდრი.
„არ არსებობდა არანაირი გეგმა, არანაირი იდეა, არანაირი მკაფიო გზა, რომლითაც რომელიმე მათგანს "გემიდან" გადასვლის საშუალება მიეცა. აქტივები სანქცირებული იყო, ანგარიშები გაყინული, ქონება ჩამორთმეული. ამ ყველაფერმა პუტინს ეფექტურად შეუწყო ხელი, მილიარდერების, მათი აქტივებისა და ფულის მობილიზებასა და რუსეთის საომარი ეკონომიკის მხარდასაჭერად გამოყენებაში“, - განუცხადა მან BBC-ს.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ უცხოური კომპანიების გადინებამ ვაკუუმი სწრაფად შეავსო კრემლისადმი მეგობრული ბიზნესმენებით, რომლებსაც უფლება მიეცათ იაფად შეეძინათ მაღალმომგებიანი აქტივები.
"ამან შექმნა ახალი „გავლენიანი და აქტიური ლოიალისტების არმია“, - ამტკიცებს კარნეგის რუსეთის ევრაზიის ცენტრის წარმომადგენელი ალექსანდრა პროკოპენკო.
„მათი მომავალი კეთილდღეობა დამოკიდებულია რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების გაგრძელებაზე“, - ამბობს ის.
ამგვარად, BBC-ის სტატიის ავტორის დასკვნით, რომ რუსეთის ლიდერმა შეინარჩუნა მტკიცე კონტროლი ქვეყნის მთავარ მამოძრავებელ ძალაზე, ომისა და დასავლეთის სანქციების მიუხედავად - და გარკვეულწილად მათი წყალობითაც.




























