გასული სამუშაო კვირის განმავლობაში, წინა პარასკევს მიღებულ კურსთან შედარებით ლარი აშშ-დოლართან მიმართებით გამყარდა 1.39 თეთრით, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7943 ლარი გახდა. ამასთან ლარი 0.66 თეთრით გამყარდა ლარი ევროსთან, რამაც 2.9108 ლარი შეადგინა.
დეკემბერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გასული დღეების განმავლობაში ეროვნული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა "უმნიშვნელო" ინტერვენციებს, თუმცა აღნიშნულის შესახებ სტატისტიკა ჯერჯერობით საჯარო არაა.
"რეალურად ამ დღეებში ეროვნული ბანკის მხრიდან იყო უმნიშვნელო ინტერვენციები, ეს შემიძლია გითხრათ. დეტალებზე თვითონ ეროვნული ბანკი გაგცემთ პასუხს. ეროვნული ბანკი არსებითი ინტერვენციების გარეშეც ახერხებს ლარის კურსის სტაბილურობას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლარის გაუფასურების უმთავრესი და წამყვანი მიზეზი 28 ნოემბერს, ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დამტკიცებული პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 4 წლით შეჩერება გახდა.
რაც შეეხება ქვეყნის ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, იქამდე სანამ დეკემბერი არ დასრულდება მიმდინარე თვის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ გამოქვეყნდება, ხოლო რაც შეეხება გასული თვის შედეგებს, ცნობილია რომ ნოემბერში საქართველოს ექსპორტი წლიურად 13%-ით გაიზარდა და მან 543 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 10.5%-ით 1.43 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ნოემბერში სულ ფულადი გზავნილების სახით 267 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით არის შემცირებული.
როგორ შეიცვალა ლარის გაცვლითი კურსი გასულ კვირაში:
ვალუტა | ლარი | ცვლილება გასულ კვირაში (თეთრებში) |
აშშ დოლარი | 2.7943 | 1.39 |
ევრო | 2.9108 | 0.66 |
დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.5013 | 1.2 |
თურქული ლირა | 0.0793 | 0.05 |
100 რუსული რუბლი | 2.6175 | 9.48 |
აზერბაიჯანული მანათი | 1.6433 | 0.87 |
1000 სომხური დრამი | 7.0519 | 7.33 |
100 იაპონური იენი | 1.7713 | 1.9 |
10 ჩინური იუანი | 3.8282 | 2.15 |
10 უკრაინული გრივნა | 0.6662 | 0.32 |