მიმდინარე კვირას ნავთობის გლობალური ფასები გაიზარდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობი 105 დოლარად ივაჭრება, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 73%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ამერიკულ WTI-ს, ის 96 დოლარი ღირს, რაც 67%-იან ზრდას წარმოადგენს; ხოლო რუსული Urals-ის ფასი მიმდინარე წელს 127%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 115 დოლარს აღწევს.
როგორც წესი, რუსული ნავთობის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე Brent-ის, თუმცა ამჟამად რუსეთში საწარმოო კრიზისია, რის გამოც ნავთობი იქ დეფიციტურია და მისი ფიუჩერსული კონტრაქტების ღირებულება გაზრდილია.
ბუნებრივია, ნავთობის გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების ზრდას იწვევს, რის გამოც ერთ თვეში საქართველოში ბენზინის ფასი დაახლოებით 70 თეთრით გაიზარდა. ამჟამად ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში ლიტრი სუპერის ფასი 4.50 ლარის ფარგლებშია; პრემიუმი დაახლოებით 4.15 ლარი ღირს; რეგულარის ფასი საშუალოდ 3.9 ლარია; ხოლო დიზელი დაახლოებით 4.9 ლარად იყიდება.
ნავთობის პარალელურად, გაძვირებულია ბუნებრივი აირიც, რომლის ღირებულებამ მეგავატ/საათზე 86 ევრო შეადგინა, რაც წლიურად 200%-ით არის გაძვირებული.
ენერგეტიკული რესურსების გაძვირება ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური რისკების ზრდას და ჰორმუზის სრუტის პარალიზებას უკავშირდება, რაც ბაზარზე მიწოდების შეფერხებას იწვევს.
ვითარებას განსაკუთრებით ის მოცემულობა ამძიმებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, ირანის წინააღმდეგ კონფლიქტის განახლებისათვის ემზადება.
























