პირველი დეკემბერი საავტომობილო ინდუსტრიისა და, ზოგადად, მრეწველობისთვის ისტორიული მნიშვნელობის თარიღია, რადგან სწორედ ამ დღეს, 1913 წელს, ამერიკელმა ინოვატორმა და ბიზნესმენმა, ჰენრი ფორდმა წარმოებაში კონვეიერული სისტემა დანერგა. ეს ინოვაციური იდეა ინდუსტრიული რევოლუციის ერთ-ერთი სიმბოლოა, რომელმაც ავტომობილი ყველასათვის ხელმისაწვდომ პროდუქტად აქცია.
კონვეიერული სისტემა წარმოადგენს წარმოების ორგანიზების მეთოდს, რომელიც პროდუქტის შექმნის პროცესს ცალკეულ ეტაპებად ყოფს. თითოეული მუშა ან მანქანა-დანადგარი პასუხისმგებელია კონკრეტული დავალების შესრულებაზე, რაც მისი ეფექტიანობის ზრდას და შესრულებული სამუშაოს ხარისხის დრამატულად გაუმჯობესებას იწვევს. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა, რომ პროდუქტი უმოკლეს დროში და მინიმალური დანახარჯებით დამზადდეს, რადგან მექანიკოსს არ უწევს თავისი პოსტის მიტოვება, წინ და უკან სიარული, სხვადასხვა დავალებებზე ფიქრი ან ლოგისტიკაში დროის დახარჯვა.
ჰენრი ფორდის სისტემა ფიქსირებულ სადგომებს ეფუძნება, სადაც მექანიკოსები იმყოფებოდნენ. წინამორბედი მიდგომებისგან განსხვავებით, ქარხანაში მოძრაობს არა მუშა, არამედ თავად პროდუქტი, ანუ ავტომობილი, რომელიც ერთი სადგურის გავლის შემდეგ, მომდევნო სადგურზე ინაცვლებს და ასე ბოლომდე, სანამ კონვეიერის ბოლოს დასრულებული ავტომობილი არ მივა. ამ მიდგომამ დრამატულად შეამცირა ის დრო, რომელიც ერთი ავტომობილის შექმნას სჭირდებოდა. მაგალითად, სანამ კონვეიერული სისტემა დაინერგებოდა, ერთი ავტომობილის წარმოებას საშუალოდ 12 საათი საჭიროებდა. ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ კი ეს დრო 93 წუთამდე შემცირდა. ამჟამად უკვე, ხელოვნური ინტელექტის, ავტომატური კონვეიერებისა და რობოტების დახმარებით, ავტომობილის აწყობა რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, თუმცა თავად ფილოსოფიური მიდგომა, რომელიც ჰენრი ფორდმა შექმნა, დღემდე უცვლელად რჩება.
ფორდის მთავარი მიღწევა საწარმოს ეფექტიანობის ზრდა იყო, რომელმაც ავტომობილის თვითღირებულება მნიშვნელოვნად შეამცირა, რის შედეგადაც Ford Model T ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი პირველი ავტომობილი გახდა მსოფლიოში. კონვეიერული სისტემის წყალობით, Ford-ის ავტომობილი კონკურენტებთან შედარებით თითქმის 5-ჯერ უფრო იაფი ღირდა და ის 10-ჯერ უფრო სწრაფად იწარმოებოდა, ეს კი სწორედ ის უპირატესობა იყო, რომელმაც ფორდის სტარტაპი საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტად აქცია.
გარდა ამისა, ფორდის ინიციატივით, კომპანიაში დასაქმებულმა თითოეულმა თანამშრომელმა გაიარა კონკრეტული დავალების შესრულების ტრენინგი, რაც ხელს უწყობდა საწარმოო პროცესის აჩქარებას და შეცდომების რაოდენობის შემცირებას. მოგეხსენებათ, წარსულში ავტომობილები მაღალი საწარმოო ხარისხითა და გამძლეობით არ გამოირჩეოდნენ, Ford Model T კი კონკურენტებზე გაცილებით გამძლე და სანდო იყო.
მორიგი სარგებელი, რომელიც კონვეიერულმა სისტემამ Ford-ს მოუტანა, ერთიანი სტანდარტის დანერგვას უკავშირდებოდა. ამ მიდგომის წყალობით, ყველა პროდუქტი ერთნაირი ხარისხით, ზომითა და ფორმით იწარმოებოდა, რაც იდენტური პროდუქციის შექმნას შესაძლებელს ხდიდა. ფორდის გამოჩენამდე, ერთი ქარხნის მიერ შექმნილი არცერთი ავტომობილი არ იყო იდენტური, რადგან ყოველ მათგანს სხვადასხვა ჯგუფი აწყობდა და მათი საბოლოო ნახელავიც განსხვავებული გამოდიოდა. თავად ეს მოცემულობა ართულებდა როგორც ავტომობილების მომსახურებას, ასევე სათადარიგო ნაწილების წარმოებას, რადგან განსხვავებული ზომისა და ფორმის დეტალები სერვისს მნიშვნელოვნად ართულებდნენ.
ფორდის კონვეიერული სისტემა სწრაფად გავრცელდა არა მხოლოდ ავტომობილების წარმოების ინდუსტრიაში, არამედ სხვა სექტორებში, როგორიცაა სურსათის, ტანსაცმლის და ელექტრონიკის წარმოება. დღესდღეობით, კონვეიერული წარმოება თანამედროვე მრეწველობის საფუძველია, რომლის გარეშე, ქარხანა უბრალოდ წარმოუდგენელია.
ფორდი დიდ ყურადღებას აქცევდა არა მხოლოდ წარმოების მეთოდებს, არამედ თანამშრომელთა კეთილდღეობასაც. მან დააწესა იმ დროისთვის უპრეცედენტო საათობრივი ანაზღაურება – 5 დოლარი დღეში და გააუმჯობესა სამუშაო პირობები და ქარხნის უსაფრთხოება. ეს მიდგომა მას საშუალებას აძლევდა, რომ კომპანიაში საუკეთესო კადრები მიეზიდა და წარმოების ხარისხი გაეზარდა.
ზოგადად, ფორდი კორპორაციულ და სამეწარმეო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პიროვნებად ითვლება, რომელიც დროს ყოველთვის უსწრებდა და თამამ ექსპერიმენტებს არასოდეს ერიდებოდა. ფორდი იმასაც ამბობდა, რომ ინოვატორს ხალხისთვის არ უნდა ესმინა, რადგან მოსახლეობას მხოლოდ აწ უკვე არსებულის გაუმჯობესება სურდა და არც ახალი რამის შექმნა. „ხალხზე რომ მეკითხა რა გინდათო? - უფრო სწრაფი ცხენებიო, მეტყოდნენ“, ამბობდა ფორდი.
დღევანდელი მონაცემებით გლობალური წარმოების ინდუსტრიის შეფასება 40 ტრილიონ დოლარს აჭარბებს და ეკონომიკის უდიდესი ნაწილი სწორედ მასზე მოდის, ამ $40-ტრილიონიანი ინდუსტრიის ფუნდამენტი კი სწორედ ის კონვეიერული სისტემაა, რომელიც მსოფლიომ პირველად 1913 წლის პირველ დეკემბერს იხილა, Ford-ის ქარხანაში.