მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეცვალა Airbnb-იმ დასვენების და უძრავი ქონების ინდუსტრია?

airbnb

Airbnb საფონდო ბირჟაზე 103 მილიარდ დოლარად შეფასებული გიგანტია, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა დასვენებისა და უძრავი ქონების გაქირავების ინდუსტრია. ეს არის ციფრული პლატფორმა, რომელიც მოგზაურებს და დამსვენებლებს პირდაპირ აკავშირებს სახლებისა და ბინების გაქირავების მსურველებთან, ამ სერვისის გაწევის სანაცვლოდ კი ის საკომისიოს იღებს.

სასტუმროებისა და სხვა ტიპის განთავსების ობიექტებისგან განსხვავებით, Airbnb-ის მეშვეობით ნებისმიერი დროის მონაკვეთითაა შესაძლებელი როგორც ბიუჯეტური ოთახების, ასევე მრავალმილიონიანი პენტჰაუზების დაქირავება. კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც Airbnb-ის გამოარჩევს, ეს შედარებით ხელმისაწვდომი ფასებია. როგორც წესი, დღიურად ბინის დაქირავება უფრო იაფი ღირს, ვიდრე სასტუმროს ნომრის დაჯავშნა, ამიტომ საერთაშორისო მოგზაურების მხრიდან Airbnb-ის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია.

კომპანიის დაფუძნების ისტორია 2007 წელს უკავშირდება, როდესაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფმა სტუდენტებმა, ბრაიან ჩესკიმ და ჯო გებიამ გადაწყვიტეს, თავიანთ ოთახში გასაბერი მატრასები განეთავსებინათ და სან ფრანცისკოში ჩამოსული ტურისტებისთვის ის დღიურად მიექირავებინათ. საწოლთან ერთად, დამწყები მეწარმეები სტუმრებს საუზმესაც სთავაზობდნენ, პლატფორმის სახელწოდებაც სწორედ ეს იყო - Airbedandbreakfast.com, რომელიც შემდგომ შემოკლდა და Airbnb-ის სახით ჩამოყალიბდა.

ოთახების დღიურად გაქირავების პლატფორმამ გაამართლა და მასზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, რამდენიმე წელიწადში Airbnb ინდუსტრიის გიგანტად იქცა, რომელმაც ფაქტობრივად თავდაყირა დააყენა უძრავი ქონების ინდუსტრია, სწორედ ამიტომ ის ნამდვილად იმსახურებს #ტექლიდერის სტატუსს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები