მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სწავლა უფრო ადამიანური გახადოს

როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სწავლა უფრო ადამიანური გახადოს
25.11.25 14:49
583

ხელოვნური ინტელექტი (AI) ნელ ნელა თითქმის ყველა ინდუსტრიას გარდაქმნის, თუმცა ერთ ერთი მიმართულება, რომელშიც მას ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს, განათლებაა. ავტომატიზაციისა და ხმაურიანი ტერმინების მიღმა, რას ნიშნავს რეალურად AI-ის გონივრული ინტეგრაცია საგანმანათლებლო პროცესებში?

SocialLab Estonia-ს აღმასრულებელი დირექტორისა და მონაცემთა მეცნიერის, ალექსაი სრურალის თქმით, რომელსაც ამ თემების ირგვლივ ათწლიანი გამოცდილება აქვს, პასუხი მარტივია: ტექნოლოგიას მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ის რეალურად აუმჯობესებს სწავლას.

DataFest Tbilisi-ზე დაგეგმილი სესიის წინ სრურალი ხაზს უსვამს, რომ AI არ უნდა იქცეს განათლების გამართულებელ ფაქტორად — პირიქით, ის უნდა ამარტივებდეს პროცესს.

„მიზანი არ არის მასწავლებლების ჩანაცვლება ან სტუდენტების გადატვირთვა ახალი ინსტრუმენტებით,“ — ამბობს ის. „მიზანი რეალური პრობლემების გადაჭრაა, რათა განათლება გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, რელევანტური და მომავალზე ორიენტირებული.“

ავტომატიზაციიდან პერსონალიზაციისკენ

მაშინ, როცა AI-ზე საუბარი ხშირად ეფექტურობასა და პროცესების ავტომატიზაციაზეა ფოკუსირებული, სრურალი ნამდვილ რევოლუციას სხვა მიმართულებით ხედავს — პერსონალიზაციაში. სწორად გამოყენებული AI საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ისწავლონ საკუთარი ტემპით, საკუთარი ინტერესების მიხედვით და უფრო სიღრმისეულად.

ეს მიდგომა ცვლის ტექნოლოგიის როლს კლასში: სტანდარტიზაციის ნაცვლად, AI სწავლას უფრო ადამიანურს ხდის — ქმნის სივრცეს შემოქმედებისთვის, კრიტიკული აზროვნებისა და რეალურ პრობლემებზე დაფუძნებული სწავლისთვის.

ბალტიის გამოცდილება: ჯერ ხედვა, შემდეგ ტექნოლოგია

ბალტიის ქვეყნების ციფრული ტრანსფორმაციის მაგალითზე, სრურალი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან გაკვეთილს საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიისთვის: წარმატებული ციფრული განვითარება იწყება სიცხადით და არა კომპლექსურობით. ერთიანი ეროვნული სტრატეგია, მარტივი ციფრული საჯარო სერვისები და მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფოს, განათლების სისტემისა და კერძო სექტორის შორის ქმნის მყარ საფუძველს მდგრადი ინოვაციისთვის.

რეგიონისთვის მთავარი შესაძლებლობაა გრძელვადიანი საგანმანათლებლო სტრატეგიების ჩამოყალიბება და ახალგაზრდების ჩართვა ქვეყნის ციფრული მომავლის მშენებლობაში.

რჩევა AI-ით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, ვინც AI-ის სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამს, სრურალის მთავარი გზავნილია: ჯერ ადამიანები გაიცანი და შემდეგ - მოდელები. AI მხოლოდ მაშინ ხდება მიზნობრივი, სანდო და გრძელვადიანი ღირებულების მქონე, როცა ის ადამიანების რეალურ საჭიროებებზეა დაფუძნებული.

რა უნდა გააკეთოს განათლების სფერომ დღესვე

სკოლებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებიც AI-ის ინტეგრაციას იწყებენ, რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯი უნდა გადადგას:

  • ყურადღება გაამახვილონ სასწავლო შედეგებზე და არა ინსტრუმენტებზე;
  • გამოიყენონ AI პერსონალიზებული სწავლის მხარდასაჭერად;
  • გადაამზადონ მასწავლებლები, რათა AI მათთვის დამხმარე საშუალება გახდეს და არა საფრთხე;
  • ჩართონ მოსწავლეები ყველა იმ პროცესში, რომელიც სწავლაში ტექნოლოგიის გამოყენების დანერგვას გულისხმობს.

განათლების მომავალი, სრურალის ხედვით, არ არის არჩევანი ადამიანსა და მანქანას შორის — ეს არის ისეთი სისტემების შექმნა, რომლებიც ორივეს აძლიერებს.

როგორც თავად ამბობს:
„როცა ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს აძლიერებს, მანქანები სიცოცხლეს იძენენ.“

ალექსაი სრურალის ხედვის გაცნობა უფრო დეტალურად შეგიძლიათ მის სესიაზე DataFest Tbilisi 2025-ზე, რომელიც 27–29 ნოემბერს გაიმართება და სადაც ისაუბრებს, როგორ ერთიანდება ტექნოლოგია, განათლება და ადამიანური პოტენციალი სწავლების ახალი მოდელების შესაქმნელად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები