ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში 2015-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების 2018 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლები შეაფასა.
„რეფორმეტრის“ გუნდის ინფორმაციით, მიღებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ „აგრო-ექსპორტში დსთ-ის წილი გაზრდილია, ხოლო ევროკავშირის წილი - შემცირებული“;
უცვლელია აგრო-ექსპორტის დივერსიფიკაციის ინდექსი;
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, აღსანიშნავია რამდენიმე, რომელსაც „რეფორმეტრი“ გამოყოფს:
7000 ჰექტარიაა გაზრდილი წყალუზრუნველყოფილი ფართობი (ჯამში, 127, 000 ჰა);
120 მლნ ლარითაა გაზრდილი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები, ერთიანი აგრო-პროექტის ფარგლებში;
უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით;
შემცირებულია რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში;
„რეფორმეტრის“ დამფუძნებლის გიგლა მიქაუტაძის შეფასებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში სახეზეა სამოქმედო გეგმაში წინსვლა.
„მთავრობა მიყვება იმ სტრატეგიას, რომელიც სახელმწიფოს აქვს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ განსაკუთრებული წინსვლა არ შეინიშნება სტატისტიკაში, მაგრამ მნიშვნელოვანი პროგრესია აგრობიზნესის განვითარებაში. მართალია, ეს დიდად არ ცვლის სურათს, მაგრამ ცალსახად გვიჩვენებს, რომ ფოკუსი უნდა გაკეთდეს კერძო კერძო ბიზნესის ხელშეწყობასა და ინვესტიციებზე - ეს არის საბოლოო ჯამში, ლოკომოტივი დარგის განვითარებისთვის“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.
ISET-ში გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მათ შორის იყო მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი და ლევან დავითაშვილის მრჩეველი გიორგი გიგოლაშვილიც.
მისი თქმით, სამინისტრომ მზად აქვს იმ 7 პროგრამის ანალიზი, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და დარგის კონკურენტუნარიაობის ამაღლებისთვის ხორციელდება.
გიგოლაშვილი ირწმუნება, რომ სამთავრობო პროგრამები, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს, ეფექტიანია.