Stemscale-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა გადაცემა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არ ვიყენებთ თურქეთთან, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესაძლებლობებს, ვინაიდან სახელმწიფოს მიერ ბიზნესის არასწორი სტიმულირება ხდება. მისი თქმით, სწორედ ამის შედეგია ის, რომ FTA-ების ფარგლებში უამრავი სასაქონლო პოზიციები არის აუთვისებელი.
მიხეილ კუკავამ ბრიტანეთის მაგალითი მოიყვანა, როგორ ახალისებს იქ ბიზნესს მთავრობა და როგორ ხარჯავს ფულს სტიმულირებაში.
„ბრიტანეთის მთავრობა ფინანსურად არავის არ ასტიმულირებს, თუ არ ხედავს იქ პოტენციალს. პოლიტიკური მიზანშეწონილობების მოსაზრებებიდან გამომდინარე, სექტორები, სადაც ზრდის პოტენციალი არ არის, იქ გადასახადის გადამხდელების ფულს არ აინვესტირებენ. სწორია ის, რომ მთავრობა ბიზნესებთან მივიდეს და უთხრას, რომ მე ფულს საწარმოო ხაზისთვის კი არ მოგცემ, არამედ, ჯერ შენ შეაფასე, გიღირს თუ არა ამ საწარმოო ხაზის გაშვება და თუ შენ იტყვი, რომ მიღირს, მე მოგცემ 30%-ს. შენ უნდა დადო 70%. ეს არის უზარმაზარი შეღავათი. ეს არის ნორმალური სტიმულირება და არა ის, რომ მიაყარო ფული, როგორც საქართველოს მთავრობა არაერთხელ აკეთებდა, მიაყრიდა ფულს ბიზნესს.. ეს არ არის სწორი“, - განმარტა მიხეილ კუკავამ.
მისივე თქმით, კრედიტის თანადაფინანსებაც არ არის სწორი მიდგომა, ვინაიდან პირველ რიგში, უნდა გაანალიზდეს, ამ კრედიტით რა ღირებულება იქმნება.
„ბრიტანეთში არის სავიზიტო პასუხისმგებლობის ოფისი, რომელიც პრემიერს და ძალიან ძლიერ ფინანსთა მინისტრს, არ აძლევს საშუალებას დააფინანსოს ის ბიზნესები, სადაც შეიძლება რაღაცა მიზანშეწონილობა იყოს ან თუ დააფინანსებს, მერე ცხვირში ადენს ამას. საქართველოში უნდა გვყავდეს დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტი, რომელიც არის, მაგალითად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ან სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც ამაზე უნდა რეაგირებდეს“, - დასძინა მან.
მიხეილ კუკავა მიიჩნევს, რომ აუცილებელია ფულის ღირებულების დათვლა რეგულარულად და ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი, - “თუ ფულის ღირებულების ანალიზს არ აკეთებ, იქ მთავრობის რიტორიკა, რომ ვასტიმულირებთ ბიზნესს, რჩება მხოლოდ რიტორიკად“, - აღნიშნა მიხეილ კუკავამ.




























