საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ყაზახეთში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, bm.ge-ის შეკითხვას უპასუხა.
კერძოდ, bm.ge დაინტერესდა - რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ, რომ ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს.
როგორც კრისტინ ლაგარდმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის სწორი ინვესტიციებია საჭირო, მათ შორის, განათლების რეფორმაში, რაზეც დილით ამავე ფორუმზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ისაუბრა.
“ბევრ მიმართულებაში საქართველო ამკვიდრებს ძალიან კარგ სტანდარტებს. ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კარგი მმართველობის პრინციპები, ასევე, გადასახადების ადმინისტრირების მიმართულებით.
ვხედავთ პროგრესს ბოლო წლების განმავლობაში და ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ასე გაგრძელდება, რადგანაც ეს კარგი პრაქტიკაა, რომელიც უნდა გააგრძელოს საქართველომ.
ეკონომიკის ზრდა საქართველოში საკმაოდ ძლიერი იყო. ეს იყო 4,7% გასულ წელს და წელს პროგნოზი 4,6%-ია, რაც იზრდება 2020 წლისთვის.
ვიმედოვნებთ, რომ მდგრად ზრდას ხელს შეუწყობს სწორი ინვესტიციები, მაგალითად, როგორიცაა ინვესტიცია განათლებაში, რომელზეც ისაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრმა”, - აცხადებს კრისტინ ლაგარდი.

























