მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა დამკვიდრდნენ ქართული კომპანიები EU-ში? - დავით ბარდაველიძის განმარტება

დავით ბარდაველიძე

ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. თუმცა თანხის გარდა, ევროკავშირის ბაზარი საქართველოსთვის და ქართველი მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკურად, ანუ სტრატეგიულად, ასევე ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.

ევროკავშირის ბაზარი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, მაგრამ ამასთან, ის ერთ-ერთი ყველაზე რეგულირებული ბაზარიცაა ანუ იქ ოპერირებისთვის კომპანიებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება უწევთ. მაშ, როგორ უნდა დამკვიდრდნენ ქართული კომპანიები ევროკავშირის ბაზარზე? - ამ კითხვას “საქმიან საღამოში” GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებელმა, დავით ბარდაველიძემ უპასუხა. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, კომპანიებმა პროდუქციის ხარისხი და ფასი ზუსტად განსაზღვრონ. ბარდაველიძე დასძენს, რომ ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, ქართველ მწარმოებლებს თავად ევროკავშირი დაეხმარება.

“ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს, როგორც[პროდუქციის] ხარისხი, ასევე ფასი. პოლიტიკურად ამ მეგობრულ ბაზარზე არსებობა კი, რადგან ევროკავშირში პოლიტიკურად შევდივართ, საშუალებას გვაძლევს დახმარება იმ მიმართულებით მივიღოთ, სადაც ჩვენ ყველაზე მეტად გვიჭირს.

ჩვენმა ჯგუფმა ევროკავშირის ბაზარზე ოპერირება დიდი ხნის წინ დაიწყო და საკუთარი ნიში დაიკავა, მაგრამ ყველა იმ სფეროში, სადაც სტანდარტების ამაღლებაა საჭირო, [ევროკავშირის მხრიდან] დიდი დახმარება გამოიყოფა. მერე კი, ყველაფერი ჩვენს მარიფათზეა, რომ გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა და რასაც მომხმარებელი ითხოვს - ევროპული ხარისხის პროდუქტები ხომ ჩვენც მოგვწონს?

ახლა ისეთი ნარატივიც არსებობს, თითქოს ყველაფერი გაძვირდება, მაგრამ თუ ყველაზე ძვირიან ევროპულ ქალაქში ჩახვალთ, ნახავთ, რომ გარკვეული პროდუქტები ჩვენთან უფრო ძვირია, ვიდრე იქ. ასე რომ, არ უნდა შეგვეშინდეს, არამედ პირიქით - იმ სფეროებს, რომლებიც ჩვენი ძნელბედობის გამო ბუნებრივად ვერ განვავითარეთ, ხელი სოლიდარული დახმარებების გამოყენებით უნდა შევუწყოთ.

შედეგად, საქართველოს ძირითად და სწორად არჩეულ სფეროებში იქნება ის სტანდარტები, რომლებიც ევროკავშირზე არსებულ კონკურენციას გაუძლებს”, - განაცხადა დავით ბარდაველიძემ “საქმიან საღამოში”.

ევროკავშირის ბაზარზე GEORGIAN PRODUCTS-ის მიერ წარმოებული შინაური ცხოველების ავეჯი და საკვები ცხრა წლის გამოჩნდა და მას შემდეგ, დავით ბარდაველიძის კომპანია იმ წამყვან ათ ქართულ კომპანიას შორის მოხვდა, რომელმაც 2022 წელს საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები