„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი თბილისში გზაჯვარედინებზე ყვითელი ბადეების ე.წ. Yellow Box-ის მოხაზვის ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მის წარმატებულად ამუშავებას მერიის მხრიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება სჭირდება.
როგორც ეკა ლალიაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, მსგავსი ინფრასტრუქტურული ზომები საერთაშორისოდ აპრობირებულია და ის მიმართულია არა მხოლოდ საცობების განტვირთვისკენ, არამედ ზოგადად ქალაქში მობილობის გაუმჯობესებისკენ.
„ეს არის ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული ზომა, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ გზაჯვარედინები იყოს მოწესრიგებული. ის, რაც ყოველდღიურად ჩვენ, ქართველ მძღოლებს გვაქვს გამოცდილებაში, ეხება გზების ჩახერგვას. იმის გამო, რომ მაინც გავდივართ და ვერ ვასწრებთ მეორე გზაზე გადასვლას, ეს ჭედავს მოძრაობას და სხვა მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს გზას უბლოკავს, რაც ჯაჭვურ საცობს იწვევს“, - აღნიშნა ლალიაშვილმა.
იმისათვის, რომ ახალმა ინიციატივამ ფორმალური სახე არ მიიღოს და რეალური შედეგი გამოიღოს, ლალიაშვილის თქმით, მერიამ რამდენიმე ძირითადი მიმართულება უნდა გაითვალისწინოს.
პირველ რიგში, ბადეები უსისტემოდ ყველა გზაჯვარედინზე არ უნდა დაიხაზოს; შერჩევა მკაცრად უნდა მოხდეს იმ პრობლემურ კვანძებზე, სადაც მძღოლების მიერ გზის ჩახერგვა სისტემატურ ხასიათს ატარებს.
„აღსრულება არის წამყვანი ასეთ შემთხვევაში, მათ შორის კამერებით უნდა იყოს დარეგულირებული ამ ტიპის ბადეები, რომ აზრი ჰქონდეს. ჩვენს ნებისმიერ კანონს მუშაობისთვის სჭირდება ადმინისტრაციის გაძლიერება. ასევე აუცილებელია ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება, რათა მძღოლებმა ზუსტად იცოდნენ, როგორ იმოძრაონ ყვითელი ბადეების ზონაში“, - განაცხადა ლალიაშვილმა.
ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მხოლოდ ცალკეული ზომები არასაკმარისია და საჭიროა კომპლექსური მიდგომა: საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეკვრა, ქალაქში მოძრაობის მართვის ერთიანი, „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ დანერგვა და პარკირების სათანადო მართვა.
ინფორმაციისთვის, თბილისის გზაჯვარედინებზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით, ე.წ. Yellow box-ის - ანუ საგზაო კვადრატების ქსელის დანერგვა იწყება. მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად უკვე მუშაობს პროექტზე, რომელიც გადატვირთული გზაჯვარედინების ჩაკეტვას აარიდებს თავიდან.
საქმე ეხება სიტუაციას, როდესაც შუქნიშანზე მწვანე ანთია, თუმცა წინ საცობია -მძღოლები მაინც შედიან გზაჯვარედინზე, ჭედავენ მას და სხვა მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს გზას უბლოკავენ, რაც ჯაჭვურ საცობს იწვევს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონით ასეთი ქმედება აკრძალულია, თუმცა აღსრულება აქამდე ჭირდა. ახალი მონიშვნა კი მძღოლებს მკაფიოდ მიუთითებს იმ ზონაზე, სადაც გაჩერება აკრძალული იქნება.





















