“აპექს დეველოპმენტის” კომერციული დირექტორი, გიორგი ბაქრაძე, BMGTV-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულის” ეთერში აღნიშნავს, რომ თებერვალში საქართველოს ეკონომიკის 9.5%-იანი ზრდა დეველოპერულ სექტორზეც აისახა და მოლოდინები, რომლებიც წლის I კვარტალისთვის კომპანიას ჰქონდა, გადაჭარბებით შესრულდა.
გიორგი ბაქრაძის თქმით, სამშენებლო სექტორის ასეთი ზრდა კონკურენტებს შორის ახალ გამოწვევებს აჩენს.
“პროგნოზები, რომლებიც იანვარ-თებერვლის თვეში გვქონდა, რომლებიც ბიზნესისთვის, როგორც წესი, ნელი პერიოდია, არ გამართლდა და პირიქით, გადაჭარბებულად შესრულდა. რეალიზაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა და I კვარტალმა აჩვენა, რომ კომპანია საკუთარ შედეგებს აუმჯობესებს.
რაც შეეხება ინდუსტრიას, ის ზრდას განაგრძობს და ეს არა მხოლოდ სარეალიზაციო ფასებში, არამედ მოთამაშეებისა და დიდი პროექტების რაოდენობაში გამოიხატება. თუ აქამდე კონკურენტებს შორის მთავარი ჭიდილი მიწის ნაკვეთების შესყიდვისა და პროექტების ვადების შესახებ იყო, ახლა მთავარი კონკურენცია ის არის, თუ ვინ უფრო მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს”, - ამბობს გიორგი ბაქრაძე.
მისი განმარტებით, დეველოპერულ ბიზნესში მშენებლობის კომპონენტთან ერთად, ინფრასტრუქტურის, დიზაინისა და ადვილად მისადგომი ლოკაციის კომპონენტებიც წამოიწია, რის გამოც ბინებზე, რომლებიც მომხმარებლის ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ფასებიც იზრდება.
“დეველოპერულ ბიზნესში მხოლოდ აშენება აღარაა მნიშვნელოვანი, აქ უკვე ხელოვნების კომპონენტი იკვეთება. მომხმარებლის მოთხოვნები წლიდან წლამდე იზრდება და ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, დიზაინი თუ სხვადასხვა ობიექტებზე (მაგ. მოლებზე) მარტივი ხელმისაწვდომობა. ამიტომ უფრო მეტი ფიქრი და მსჯელობა გვიწევს, რომ მომხმარებელს სასურველი პროდუქტი შევთავაზოთ.
ბევრჯერ გაგვიგია, რომ ადამიანი “კარგი” ბინის ძებნას კვირებს ანდომებს - “კარგ ბინაში” კი მხოლოდ მისი კვადრატულობა არ მოიაზრება, არამედ ყველა ის დეტალი, რაც ვახსენეთ. შესაბამისად, ასეთ ბინებზე მოთხოვნაც მაღალია, რაც ფასის ზრდასაც იწვევს”, - ამბობს გიორგი ბაქრაძე.
“აპექს დეველოპმენტის” კომერციული დირექტორი აღნიშნავს, რომ 2024 წლის I კვარტალში უძრავი ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და წელს ამ ფასების კლების პროგნოზი არ არის.
“ჩვენი დაკვირვებით, 2024 წლის I კვარტალში, უძრავი ქონების საშუალო ფასი 20-22%-ითაა გაზრდილი, წინა წლის I კვარტალთან შედარებით. რა თქმა უნდა, კონკრეტულ დონეზე ეს ზრდა შეწყდება და ფასები დასტაბილურდება, თუმცა წელს ეს მოლოდინები არ არის.
უნდა აღინიშნოს, რომ საინვესტიციო გარემო, რომელიც თბილისშია, ბევრ მომხმარებელს უბიძგებს, ბინები არა მხოლოდ საცხოვრებლად, არამედ საინვესტიციო მიზნითაც შეიძინონ”, - აღნიშნავს გიორგი ბაქრაძე.
ცნობისთვის, TBC Capital-ის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში თბილისში 3358 ბინა გაიყიდა, კვადრატულის საშუალო ღირებულებამ კი $1 202 შეადგინა. უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა კი $266 მილიონს აღწევს.
სამშენებლო კომპანია “აპექს დეველოპმენტი” ბაზარზე 2012 წლიდან ფუნქციონირებს და საკუთარ პორტფელში ისეთ პროექტებს აერთიანებს, როგორებიცაა “აპექს ლისი”, “აპექს ნუცუბიძე” და “აპექს ისანი”.