მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ვითარდება ეროვნულ მოტივებზე შექმნილი ბიზნესები საქართველოში?

64c129722ce59
ლიკა გურაბანიძე
26.07.23 23:55
493
საქართველოს ბაზარზე ეროვნულ მოტივებზე შექმნილი ბიზნესები წარმატებულად ოპერირებენ. სამოსის, აქსესუარების და სამკაულების ქართული ბრენდების დამფუძნებლები და წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ქართველი მომხმარებლების გარდა, ინტერესი ტურისტების მხრიდანაც მზარდია.

“ფაფანაკი”, რომელიც ქართულ მოტივებზე შექმნილ სამოსს კერავს და მის რეალიზაციას ახდენს, მისი დამფუძნებელი ნინო ჭყონია აღნიშნავს, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით მოთხოვნადი ეროვნული სამოსით ქორწინება გახდა და ბიზნესის განვითარებისთვის ეს დამატებითი ხელშეწყობაა. მისი თქმით, კომპანიის ეროვნულ სამოსზე მოთხოვნა ცეკვის სხვადასხვა ანსამბლების მხრიდანაც არის. ბოლო პერიოდში ზოგიერთ პროდუქტზე ფაფანაკში ფასები საშუალოდ 10%-ით დაკორექტირდა.

“როგორც ქსოვილი, ასევე შესრულების ტექნიკა ჩვენთან ძალიან მაღალია, რაც ფასების კორექტირებას იწვევს. ჩვენს სამოსზე მოთხოვნა დიდია. ფაფანაკში შეკერილი სამოსი იმდენად მრავალფეროვანია, რომ სხვადასხვა სახის ღონისძიებაზე, ყველას სურს მისი ჩაცმა, ან საჩუქრის გაკეთება. ჩვენ არ ვჩერდებით, რადგან ეს ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია. ჩვენთან აქსესუარის შეძენა შეგიძლიათ როგორც 50 ლარად, ასევე 200 ლარად. ჩოხის ფასი 400-დან 800 ლარამდე მერყეობს. 50 ლარი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი პროდუქციის ღირებულება და შესაძლოა 1200 ლარამდე ავიდეს.” - თქვა ნინო ჭყონიამ.

“ლეგენდა”, ბაზარს ეროვნულ მოტივებზე შექმნილ სამკაულებს და აქსესუარებს სთავაზობს. კომპანია მუშაობს, როგორც ოქროს, ასევე მინანქრის და თითბერისგან დამზადებულ ნაკეთობებზე. ლეგენდას შოურუმს ქართველების გარდა, ძირითადად იტალიელები, გერმანელები, ამერიკელი, პოლონელი და არაბი ტურისტები სტუმრობენ.

“კომპანიაში მინანქარზე და ოქროზე ფასი შესაძლოა 70 ლარიდან დაიწყოს და 3000 ლარამდე ავიდეს. თითბერის ნაკეთობების ღირებულება კი საშუალოდ 10-დან 92 ლარამდე მერყეობს. არაბ ტურისტებზე გავამახვილებ ყურადღებას, მათ ძირითადად ოქროს სამკაულები აინტერესებთ და ხშირია შემთხვევა, როდესაც თითბერისგან დამზადებული სამკაული უკვე დახლზე განთავსებული არაბ ტურისტს მოსწონებია და მათგან ანალოგიური შეკვეთა ოქროზეც მიგვიღია, - ”განმარტა ირინა ასამბაძემ “ლეგენდას” კონსულტანტმა.

მაღალ სეზონზე ტურისტული ზონები განსაკუთრებით აქტიურია. კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ ზაფხულის სეზონი მათთვის დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. ბევრია ისეთი პროდუქციაც, რაზეც ტურისტების მხრიდან მოთხოვნა დიდია, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნადია ხელნაკეთი ნივთები წარწერით MADE IN GEORGIA. მაღაზიაში ტურისტს შეუძლია იპოვოს, როგორც 1.50–იანი სუვენირი, ასევე 100-200-300 ლარიანიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები