მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"როგორც ერი უნდა გავიზარდოთ და ვისწავლოთ მასწავლებლების დაფასება, დაიქცევა სხვანაირად ეს ქვეყანა"

577be0987b0f5
BM.GE
05.07.16 20:29
2825
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით, სწავლა/სწავლების აქტუალურ საკითხებზე საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) და ინფორმაციული–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას 700–ზე მეტი პედაგოგი ესწრებოდა საქართველოს ყველა რეგიონიდან.
 
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, საუბარი შეეხო მასწავლებელთა ანაზღაურების საკითხს, სასკოლო პროგრამებს და შეფასების სქემას.

"ჩემი სამსახურის მთავარი ფუნქცია არის, რომ ყურადღებით მოვუსმინო ჩემს თანამშრომლებს. ჩვენს სისტემას სჭირდება მეტი გახსნილობა და მეტი დემოკრატიულობა, ჩვენი მანდატიც ასეთია.

ძალიან ვწუხვარ, რომ ყველასთან ინდივიდუალური შეხვედრის შესაძლებლობა არაა. მოგეხსენებათ 66 000 მასწავლებელი გვყავს.

დიდი დასტით მივდივარ წერილობითი შეკითხვების და თხოვნების. მივდივარ ძალიან სერიოზული მუხტით. მათ ჩემი იმედი აქვთ, მე მათი და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ყველაფერს მივხედავთ. მთავარია, რომ მასწავლებლის დაფასება უნდა დაბრუნდეს. ამ ადამიანებს ბოდიში ეკუთვნით და მიიღეს კიდევაც ჩემგან, იმ უსამართლობებისთვის, რაც გადაიტანეს და რის პასუხადაც მათ თავისი სული და გული ჩადეს ჩვენს შვილებში და მათ მომავალში. როგორც ერი უნდა გავიზარდოთ და ვისწავლოთ ამ ხალხის დაფასება, დაიქცევა სხვანაირად ეს ქვეყანა და მომავალი არ ექნება.

ვისაუბრეთ სასკოლო პროგრამებზე, რომელიც დანატოვარია საკმაოდ ცუდი და უნდა გავაუმჯობესოთ. ვისაუბრეთ შეფასების სქემაზე, რომელიც საჭიროებს სერიოზულ დახვეწვას. ასევე ვისაუბრეთ დამოკიდებულებაზე და მე მათ მივეცი პირობა რომ ყველა ნაბიჯი იქნება მათთან შეთანხმებით", - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები