მიმაჩნია, რომ როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გონივრულ ვადებში ამოიწუროს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. მიისვე შეფასებით, მართლმსაჯულებას აქვს კანონში გაწერილი თავისი ლოგიკა.
„დემოკრატიასთან ერთად ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ეკონომიკას და ინფრასტრუქტურას, ხოლო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი არის კომუნიკაციების და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, ძალიან პრიორიტეტული პროექტი არის ანაკლიის პორტი. აქ სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები იქნება განუხრელად შესრულებული. ეს იყო სწორედდ მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი. ამაში აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსები სახელმწიფოს და მომავალშიც სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ პორტის პროექტი წარმატებით განხორციელდეს.
ეს არის რთული, კომპლექსური პროექტი. ეკონომიკას აქვს თავისი ლოგიკა. ეკონომიკის თვალსაზრისით კი, ამ პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა. როგორც სახელმწიფოს, ასევე ბატონი ჯაფარიძისა და ბატონი ხაზარაძისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საკითხები, რომელიც ამ საქმეში არსებობს, ამოიწუროს გონივრულ ვადებში. შესაბამისად, პარლამენტი თვალს ადევნებს პროცესს და მივესალმებით საკითხის საჯაროობას.
ანაკლიის პორტი არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, საერთაშორისო ინვესტორებს შორის თანამშრომლობას ეფუძნება. სწორედ ეს არის მისი განხორციელების მთავარი პირობები და გარანტიები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ინვესტორებთან და კერძო სექტორთან ერთად ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს. რაც შეეხება მართლმსაჯულების ნაწილს, მართლმსაჯულებას აქვს კანონში გაწერილი თავისი ლოგიკა.
მიმაჩნია, რომ როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გონივრულ ვადებში ამოიწუროს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

























