მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი დინამიკით ხასიათდება ქართული ფინანსური ინსტრუმენტები?

LSE
21.05.24 12:29
242

საფონდო ბირჟა, როგორც წესი, მომავლის დისკონტირებას ახდენს, ხოლო გამოცდილი ინვესტორის მთავარი უნარი სწორედ “ხმაურსა” და ფუნდამენტურ პრობლემებს შორის გამორკვევა წარმოადგენს, რაც კომპანიის აქციების, ვალუტებისა და ქვეყნის საინვესტიციო უსაფრთხოების და პოტენციალის პერმანენტულ ხელახალ შეფასებას გულისხმობს.

ქვეყნის ეროვნული ვალუტის გარეგანი ღირებულება ის ბარომეტრია, რომელიც გლობალური ფინანსური ბაზრის მიერ ქვეყნის, მისი რისკ-პროფილისა და შესაძლებლობების შეფასებას ასახავს.

Bloomberg-ის მონაცემებით, ერთთვიან პერიოდში, ქართული ლარი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაუფასურებული ვალუტაა. გასული ხუთი დღის განმავლობაში, ლარი რიგით მეორე ყველაზე მეტად გაუფასურებული ვალუტაა. 21 მაისს, საქართველოს ხელისუფლება 75 მილიონი ლარის, ანუ $27.2 მილიონის ღირებულების 2031 წლის 25 ივლისით დათარიღებული სუვერენული ობლიგაციების გაყიდვას გეგმავს, რომელთა საშუალო შეწონილი საპროგნოზო საპროცენტო განაკვეთი 8.375%-ია.

სავალუტო ბაზარზე, აშშ დოლართან მიმართებით ლარი 2.75-ად ივაჭრება, ევროკავშირში გავრცელებულ ევროსთან მიმართებით კი - 2.9982-ად.

ცნობილი საინვესტიციო მენეჯერი, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის დონორი და ბარაკ ობამას ადრეული მხარდამჭერი, ჯორჯ სოროსი ამბობდა, რომ თუ გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე ფულის შოვნა გინდა, უნდა გაიგო, ბაზარი და ინვესტორები წესების დაცვით თამაშობენ, თუ წესები შეიცვალა.

მთავარი კითხვა, რომელიც ქართული ფინანსური ინსტრუმენტებით დაინტერესებულ ინვესტორებს აწუხებთ ისაა, ბოლოდროინდელი მოვლენები “ხმაურს” წარმოადგენს თუ ქართული ფინანსური აქტივების რეალური რისკისა და მისი აღქმის ფუნდამენტურ ცვლილებას?

მნიშვნელოვანია, სტრატეგიულმა ინვესტორებმა გაიხსენონ, რომ ქართული ბანკების აქციებმა გაცილებით უკეთესი შედეგი დადეს, ვიდრე კატეგორიის ბენჩმარკ ინდექსმა და სხვა ქვეყნების წამყვანმა ბანკებმა. გასული ხუთი წლის განმავლობაში, TBC-მ 97.44%-იანი ამონაგები დააგენერირა, როცა “საქართველოს ბანკის” ამონაგებმა 216.33% შეადგინა. ამავე პერიოდში FSTE-ის საბანკო ინდექსმა 37.47%-იანი ამონაგები დააფიქსირა.

“საქართველოს ბანკისა” და თიბისის ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული აქციები ინტენსიური წნეხის ქვეშ მას შემდეგ მოექცნენ, რაც გლობალურმა მედიასაშუალებებმა და ტელევიზიებმა ე.წ. “რუსული კანონის” წინააღმდეგ არსებული პროტესტები გააშუქეს. პირველი მაისის შემდეგ, TBC-ის აქციის ღირებულებამ 23.23%-ით იკლო, “საქართველოს ბანკის ჯგუფის” აქციის ღირებულება კი 23.6%-ით შემცირდა.

კითხვა, რომელიც ინვესტორებს უჩნდებათ ისაა, აქციის ფასის დინამიკა სენტიმენტს ასახავს თუ ფუნდამენტურ ცვლილებებს.

მოდი, განვიხილოთ. Bloomberg-ის მონაცემებით, TBC-ის ღირებულება P/E-ის 4.3x-იან მაჩვენებელს წარმოადგენს, ხოლო დივიდენდის მაჩვენებელი 7.75%-ია. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ მომდევნო 12-თვიან პერიოდში, TBC-ის აქციები “ყიდვის” კატეგორიაში ხვდება, საორიენტაციო ფასით 41.30 გირვანქა სტერლინგი, რაც ამჟამინდელ ფასთან შედარებით 52.4%-იანი პოტენციური ზრდის მანიშნებელია. Bloomberg-ის კონსენსუსის ინდექსი შემდეგნაირად არის გადანაწილებული: “ყიდვა” - 100%, “შენარჩუნება” - 0% და “გაყიდვა” - 0%.

“საქართველოს ბანკის ჯგუფის” ღირებულება P/E-ის 4x-იან მაჩვენებელს წარმოადგენს, ხოლო დივიდენდის მაჩვენებელი 5.61%-ია. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ მომდევნო 12-თვიან პერიოდში, TBC-ის აქციები “ყიდვის” კატეგორიაში ხვდება, საორიენტაციო ფასით 62.60 გირვანქა სტერლინგი, რაც ამჟამინდელ ფასთან შედარებით 49.8%-იანი პოტენციური ზრდის მანიშნებელია. Bloomberg-ის კონსენსუსის ინდექსი შემდეგნაირად არის გადანაწილებული: “ყიდვა” - 100%, “შენარჩუნება” - 0% და “გაყიდვა” - 0%.

13 მაისს, “საქართველოს ბანკის ჯგუფმა” 2023 წლის ფინალური დივიდენდი დაამტკიცა და ის ჩვეულებრივ აქციაზე 4.94 ლარით, ანუ 1.47 გირვანქა სტერლინგით განისაზღვრა. ამგვარად, ჯამური წლიური დივიდენდი 8.0 ლარით განისაზღვრება, რაც 4.6%-იანი ზრდაა 2022 წელს გაცემულ 7.65 ლართან შედარებით. დივიდენდის გადაწყვეტილება აქციონერებმა 17 ივნისს გასამართ კრებაზე უნდა დაამტკიცონ.

დივერსიფიცირებულ გლობალურ ფინანსურ ინსტრუმენტებში ან საპენსიო პორტფელში წარმატებული ინვესტირება, ხშირად, ბაზარზე გატარებულ დროზე არის დამოკიდებული და არა სწორ დროს ყიდვაზე.

19 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქალაქ ატლანტაში მდებარე “მორჰაუს კოლეჯის” კურსდამთავრებულებს მიმართა და სტუდენტებსა და მსოფლიოს შეახსენა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები აშშ-ის და მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია და გლობალური კაპიტალის ბაზრისა და ინვესტორებისთვის კარგიც არის.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აღმართული ნიშანზე ეწერა, რომ მსოფლიო ბირჟას ენდობოდა. ამერიკაში კი, როგორც ცნობილია, გარანტირებულია მედიისა და შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.

სტრატეგიული ადგილმდებარეობის, ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გამო, საქართველო საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანაა. აღნიშნული რისკების დაბალანსებისთვის, პოტენციურმა ინვესტორებმა დეტალური კვლევა უნდა ჩაატარონ, ინვესტიციების დივერსიფიკაციაზე დაფიქრდნენ და პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოში გაერკვნენ.

ავტორი: რაინერ მაიკლ პრაისი, სინგაპურული Das Family Office-ის პარტნიორი და პორტფელის სტრატეგი. სტატია დაწერილია 2024 წლის 20 მაისს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები