ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მცირე მეწარმეებს - ნაზუქით, თონის პურით და ჰამაკით გარე მოვაჭრეებს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ახალი კომერციული სივრცის პროექტი წარუდგინეს.
ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შეხვედრაში, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან ერთად მონაწილეობდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი და პროექტის არქიტექტორი.
როგორც გზების დეპარტამენტის პრესრელიზში წერია, შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. გარე მოვაჭრეებმა თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაუზიარეს შეხვედრის მონაწილეებს, რაც პროექტის საბოლოო ვერსიაში აისახება. თავის მხრივ, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ახალ, თანამედროვე კომერციულ სივრცეში გათვალისწინებული იქნება ყველა საჭიროება და უსაფრთხოების ნორმები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცირე ბიზნესის განვითარებას და მოსახლეობისთვის შემოსავლის წყაროს აღდგენას.
"ახალი კომერციული სივრცის პროექტი სრულად არის ორიენტირებული მოვაჭრეთა საჭიროებებზე და ითვალისწინებს სარეალიზაციო და საპარკინგე სივრცეების მოწყობას, სველი წერტილების, დამხმარე სათავსოების, განათებისა და მწვანე ზონების შექმნას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანასწორობის პრინციპს თითოეულ მოვაჭრეს ექნება თანაბარი სავაჭრო და სასაწყობე სივრცე. ასევე, გათვალისწინებულია ტურისტული ნაკადებისთვის ავტობუსის გასაჩერებელი ადგილისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემის მოწყობა", - წერია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
აღსანიშნავია, რომ ხაშურთან ახალი სივრცის მოწყობა აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ექსპლუატაციაში შევიდა E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი. სატრანსპორტო ნაკადების გადამისამართებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ხაშურსა და სურამში გზისპირა მცირე ბიზნესებზე, რომელთა ძირითადი შემოსავლის წყარო იყო მგზავრთა მომსახურება.
ხაშურის მაგისტრალთან შესაბამისი ტერიტორია უკვე გამოყოფილია, რაც შეეხება სივრცის მოწყობის ვადებს, ამის დაზუსტებას bm.ge გზების დეპარტამენტში შეეცდება.



























