აშშ აჩერებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, - ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისის დროით შაბათ დღეს გაავრცელა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ასახულ ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისთვის მუშაობაზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით „ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან უფრო ახლო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო კრემლისთვის მოწყვლადი გახადა. ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას.
შეერთებული შტატები გმობს პოლიციის მიერ ქართველების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებას, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის უფლებას იყენებენ, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებას. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ პროტესტი მშვიდობიანი დარჩეს. „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტი-დემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია ჩვენი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საყრდენები, რაც ეყრდნობოდა საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემის და ანტი-კორუფციული ძალისხმევებისადმი ერთგულებას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ეს მექანიზმი შეაჩერა.