მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება ვარკეთილის ხევის პარკი - ფოტოები

6051c2e9c01c1
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.21 13:03
5683
ვარკეთილის ხევში პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.



მისი თქმით, ტერიტორია 3 ჰექტარს მოიცავს. რეაბილიტირებული პარკი ყველა ასაკობრივ ჯგუფზე იქნება გათვლილი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირდება.

ვარკეთილის ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ოქტომბერში იგეგმება. პროექტის ჯამური ღირებულება 5.5 მლნ ლარია. 

„ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები საჩრდილობლებით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამპითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, გადმოსახედი ბაქანი. განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდი, ველობილიკი, შეიქმნება ძაღლების სასეირნო სივრცე და რა თქმა უნდა, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები, თავისი სარწყავი სისტემითა და განათებებით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.



კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის სამსახურებსა და გამგეობებს რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე უნდა შეიქმნას.

„ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ბოლო წლების განმავლობაში რეკრეაციული სივრცეებს მოწყობის თვალსაზრისით ძალიან ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. როგორც დედაქალაქის შესაბამისი სამსახურები, პროცესში, ასევე ჩართულები იყვნენ დედაქალაქის გამგეობები. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, თუმცა გავითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე, მეტი რეკრეაცია შევქმნათ, რათა ქალაქმა ისუნთქოს და ეს ჩაბეტონების ტენდენცია, რაც იყო წლების განმავლობაში, შევაჩეროთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა მშენებლობების წინააღმდეგი არაა, თუმცა პროექტების ფარგლებში რეკრეაციული სივრცეების არსებობა აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენ მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ იმ მშენებლობების ფარგლებში, რომელიც ხორციელდება, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული მწვანე სივრცეების მოწესრიგება. ეს მიდგომები, რომ აუცილებელია მშენებლობების დროს რეკრეაციული სივრცეების არსებობა და დენდროლოგიური პროექტების შეთანხმება, ჩვენი ურბანული და არქიტექტურის სამსახურების მხრიდან პირდაპირ არის გაწერილი მოთხოვნებში, რეგულაციების დონეზე. ამ ყველაფრის გარეშე მშენებლობები მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები