მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო 2024 წელი ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის? - TECH INFORM-ის მიმოხილვა

TECH INFORM 2024 / AI

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლის მთავარი ტექნოლოგია, ისევე, როგორც გლობალურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გასული თორმეტი თვის მომხდარი მოვლენების მთავარი განმსაზღვრელი ხელოვნური ინტელექტი იყო — ტექნოლოგია, რომელიც, ბევრის აზრით, ისეთივე დიდ გავლენას მოახდენს კაცობრიობაზე, როგორიც, თავის დროზე, ინტერნეტმა მოახდინა. ასე ფიქრობენ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებშიც, რომელთაც მიმდინარე წელს AI-ის მიმართულებით ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზარდეს, რაც მოხმარდა არამხოლოდ AI-პროცესორების შესყიდვას და დატაცენტრების მშენებლობას, არამედ ენერგეტიკის, მათ შორის ბირთვული სადგურების განვითარებას.

რატომ იწყებს META ბირთვული სადგურების მშენებლობას?

Google-ის, Microsoft-ისა და Amazon-ის შემდეგ, AI-ის გამოსაკვებად ბირთვული სადგურების მშენებლობა მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელების, Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელმა META-მ გადაწყვიტა. მარკ ზაკერბერგმა, რომელსაც პირველი ბირთვული სადგურის მშენებლობის დაწყება 2025 წელს, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვება 2030 წელს სურს, მშენებლებისგან წინადადებების მიღება უკვე დაიწყო. როგორც META-ში ამბობენ, კომპანიას 4 მეგავატამდე სიმძლავრის სადგურები სჭირდება, რომლებიც დატაცენტრების ოპერირებისთვის და, შესაბამისად, ქლაუდ-სერვისები მისაწოდებლად და ხელოვნური ინტელექტის გამოსაკვებად გამოუიყენებს.

TECH INFORM-ის წლის ანტრეპრენიორის წოდება მარკ ზაკერბერგმა მიიღო

ბირთვული სადგურების მშენებლობა არ იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რომლითაც მარკ ზაკერბერგმა 2024 წელს თავი დაგვამახსოვრა. თუკი გასული წლის საუკეთესო კომპანიად TECH INFORM-მა ილონ მასკის SpaceX-ი დაასახელა, რაზედაც რამდენიმე წუთში მოგიყვებით, წლის ანტრეპრენიორის წოდება უდავოდ მარკ ზაკერბერგს ეკუთვნის. წლის დასასწყისიდან დღემდე, META-ს კაპიტალიზაციამ 75%-ით იმატა, რაც კომპანიის დამფუძნებლის შეცვლილ ტრაექტორიას უკავშირდება. 2022 წლის ნოემბერში, META-ში საქმე ცუდად იყო, რადგან მეტავერსის პროექტი ჩაფლავდა, ხოლო კომპანიის აქციები 2015 წლის დონემდე გაუფასურდა. საპასუხოდ, მარკ ზაკერბერგი AI-ის და ჭკვიანი სათვალის განვითარებაზე გადაერთო, ხოლო META-ს აქციები 560%-ით გაძვირდა.

როგორი იყო 2024 წელი მარკ ზაკერბერგისთვის?

გასული წელი საკმაოდ წარმატებული იყო თავად მარკ ზაკერბერგისთვისაც, რომელმაც ჭეშმარიტი პირადი ტრანსფორმაცია დაასრულა და ახალგაზრდა ჰისტერად მოგვევლინა, რაც ინვესტორებმა, როგორც ჩანს დადებითად შეაფასეს. მარკ ზაკერბერგმა ჩაცმულობა და იმიჯი შეიცვალა, ოქროს ჯაჭვების გამოყენება დაიწყო და მექანიკური მაჯის საათები შეიყვარა. ანტრეპრენიორის ერთ-ერთ ჯაჭვი, სხვათა შორის, წელს საქველმოქმედო აუქციონზე $40,500-ად გაიყიდა, რაც 95-ჯერ მეტია, ვიდრე ამ ჯაჭვის რეალური ღირებულება. ჟამთაღწერის ინდუსტრიით კი, ანტრეპრენიორი ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის, მუკეშ ამბანის ვაჟის, ანანტის ქორწილში დაინტერესდა. დღეს, მარკ ზაკერბერგის კოლექციაში ისეთ სახელებს ვხვდებით, როგორიცაა F.P. Journe-ი, Patek Philippe-ი და Bulgari. თან, საუბარია არა უბრალო, არამედ ყველაზე იშვიათ მოდელებზე.

პიკური 2022 წლის შემდეგ, მექანიკური მაჯის საათების ფასი მცირდება

ჟამთაღწერის ინდუსტრიისთვის გასული წელი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. იმ სექტორებს შორის, რომელთაც პანდემიის შემდეგ დიდი ზრდა დააფიქსირეს, ძვირად ღირებული შვეიცარიული საათების ინდუსტრია ერთ-ერთი ლიდერი იყო, რაც წარმოების და მიწოდების ჯაჭვების ჩამოშლამ განაპირობა. პანდემიის დროს გაზრდილი ფასები, დროთა განმავლობაში, დასტაბილურდა, ხოლო წამყვანმა ინდექსებმა საშუალოდ 25%-იანი კლება დააფიქსირეს, რაც მიგვანიშნებს, რომ ბაზარი კორექციის ეტაპს გადის. მიმდინარე წლის განმავლობაში ფასები ფაქტობრივად უცვლელად შენარჩუნდა, ხოლო წამყვანმა შვეიცარიულმა კომპანიებმა ტრადიციულად არაერთი შედევრი წარმოგვიდგინეს.

წლის საუკეთესო საათად IWC-ის Portugieser Eternal Calendar-ი დასახელდა

ჟენევის ჟამთაღწერის გრანპრის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო — “ოქროს ნემსი” — შვეიცარიულმა International Watch Company-მ მიიღო, რომელიც შვეიცარიის ქალაქ შაფჰაუზენში არის დაფუძნებული. წლის საუკეთესო მაჯის საათად IWC-ის Portugieser Eternal Calendar-მა მიიღო. პლატინის კარკასში გადაწყვეტილი ეს 45-მილიმეტრიანი მექანიკური მაჯის საათი ერბაშად რამდენიმე კომპლიკაციას აერთიანებს, მათ შორის ვხედავთ, როგორც საათების, წუთების, წამების, თარიღის, დღის, თვის და წლის აღნიშვნებს, ასევე მთვარის ფაზებს და მუდმივ სეკულარულ კალენდარს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დავვეწილი და ძვირად ღირებული კომპლიკაციაა. IWC-ის ეს საათი, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით გამოდის, ოფიციალურად $170,000 ღირს.

2024 წელს Bugatti-მ შედევრად წოდებული Bugatti Tourbillon-ი წარმოადგინა

ფუფუნების საგნებზე და ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე საუბარს ისე ვერ დავასრულებთ, საავტომობილო ინჟინერიის მწვერვალად წოდებული Bugatti Tourbillon-ი რომ არ მიმოვიხილოთ, რომელიც ფრანგულმა გიგანტმა წელს წარმოადგინა.ნ საავტომობილო ბრენდების იერარქიაში Bugatti აბსოლუტურ მწვერვალად ითვლება. ეს არის კომპანია, რომელიც, გულწრფელები თუ ვიქნებით, მხოლოდ საკუთარ თავთან არის კონკურენციაში, რადგან სუპერქარების მმუსვრელი Veyron-ის დამარცხება, რეალურად, ისევ თავად Bugatti-მ შეძლო, ახალი Chiron-ის დახმარებით. წელს, Bugatti ვა-ბანკზე წავიდა და V16-ის ტიპის, 8.3 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული ძრავით აღჭურვილი მონსტრი წარმოადგინა, რომელიც 1,000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ძრავი Bugatti-მ ელექტრონულ სისტემასთან შეაუღლა და ჯამში 1,800 ცხენის ძალის მქონე რაკეტა მივიღეთ, რომელიც 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2 წამში ჩქარდება. 200 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად ავტომობილს 5 წამი სჭირდება, 445 კმ/სთ-ში სიჩქარეს კი Bugatti Tourbillon-ი 25 წამში ავითარებს.

2024 წელს McLaren-მა ახალი ჰიპერქარი, W1 წარმოადგინა

2024 წელს სამოდელო რიგი ბრიტანულმა McLaren-მაც განაახლა და კაცობრიობას ლეგენდარული F1-ის და P1-ის სულიერი გამგრძელებელი, 1,258 ცხენის ძალის მქონე W1 წარმოადგინა. ეს ჰიპერქარი, რომელიც V8-ტიპის 4-ლიტრიანი ტურბირებული ძრავით, Formula 1-ის სტილის ჰიბრიდული სისტემით, აქტიური აეროდინამიკური პაკეტით და უკანა წამყვანი არქიტექტურითაა აღჭურვილი, ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა და წინასწარ გაიყიდა კიდეც, ერთეულზე $2.1 მილიონად. ეს ბრიტანული კოსმოსური ხომალდი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.7 წამში ჩქარდება, რაც უკანა წამყვანი ავტომობილისთვის გასაოცარი შედეგია. 0-დან 200 კმ/სთ-მდე აჩქარებისათვის W1-ს სულ რაღაც 5.8 წამი სჭირდება, რაც საავტომობილო ინდუსტრიაში დაფიქსირებული ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

McLaren-ის მფლობელი აბუ-დაბის საინვესტიციო ფონდი გახდა

ბაზარზე W1-ის გამოჩენის შემდეგ, McLaren-მა მფლობელი იცვალა. ბრიტანული სპორტული ავტომობილების მწარმოებლის ახალი მესაკუთრე აბუ-დაბიში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი გახდა, რომელმაც კომპანია ბაჰრეინის სუვერენული ფონდისგან გამოისყიდა. გარიგების დეტალები ჯერაც უცნობია, მაგრამ დადასტურებულად ვიცით, რომ ფონდმა უშუალოდ საავტომობილო მიმართულება შეიძინა და არა McLaren-ის სარბოლო დივიზია, რომელმაც წელს Formula 1-ის კონსტრუქტორების ჩემპიონატში გაიმარჯვა. McLaren-ის ახალი მფლობელის საინვესტიციო პორტფელში ასევე ვხვდებით ელექტრომობილების მწარმოებელ ჩინური NIO-ს და Gordon Murray Automotive-ს, რომელიც ლეგენდარული ბრიტანელი დიზაინერის, გორდონ მარის კომპანიაა.

გასულ წელს, Jaguar-მა ახალი იდენტობა წარმოადგინა, რომელიც ფიასკოდ შეფასდა

თუკი McLaren-ისთვის 2024 წელი უდავოდ წარმატებული იყო, იმავეს თქმა გაგვიჭირდება ბრიტანულ Jaguar-ზე, რომელმაც, როგორც ცნობილია, 2026 წლამდე ავტომობილების გაყიდვა შეწყვიტა. ნოემბერში, კომპანიამ “ახალი ეპოქა” დაიწყო, იდენტობა შეიცვალა და პირველი ელექტრომობილის დიზაინი წარმოადგინა, მაგრამ ამ სიახლეებს ავტოენთუზიასტები ძალიან ნეგატიურად შეხვდნენ. რებრენდინგის ფარგლებში, Jaguar-მა ლოგო შეცვალა, საიდანაც იაგუარი გააქრო, ანუ ის მტაცებელი, რომელიც ბრანდის სიმბოლო იყო. პირგამეხებული ცხოველის ნაცვლად, Jaguar-ის ახალ სიმბოლოდ მედალიონის ფორმის მონოგრამა, გვევლინება, რომელზედაც ასოები — J და R არის დატანილი. Jaguar-ის ახალი ბრენდის პრეზენტაციას საინტერესო ვიდეო მოჰყვა, სადაც ავტომობილი არც ერთი წამით არ გამოჩენილი, რამაც საზოგადოებაში აერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ერთ დროს ლეგენდარული ავტომწარმოებელი კომპანია გაკოტრებისთვისაა განწირული.

ელექტრომობილების მწარმოებელი Fisker-ი გაკოტრდა

თუ Jaguar-ის გაკოტრების პერსპექტივა ჯერაც ბუნდოვანია, იმავეს ვერ ვიტყვით ელექტრომობილების მწარმოებელ Fisker-ზე, რომელმაც წელს ფულის უქონლობის გამო ავტომობილების წარმოება შეწყვიტა და ოფიციალურად გაკოტრდა. ამ დროისთვის, ამერიკული კომპანიის სამოდელო რიგში მხოლოდ ერთი ავტომობილი — საშუალო ზომის SUV-ის ტიპის Fisker Ocean-ი იყო. ამ ავტომობილს კომპანია $45,000-ად აფასებდა, ანუ ის Tesla Model Y-ის კონკურენტად გვევლინებოდა, ეს უკანასკნელი კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრომობილია მსოფლიოში. Tesla-ზე ბევრი უარყოფითის თქმა შეიძლება, მაგრამ ილონ მასკის ავტომობილები იყიდება და ეს ფაქტია, რასაც Fisker-ზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.

გასულ წელს Fisker-მა სულ 5,000 მანქანა შექმნა, როცა 10,000 შეკვეთა ჰქონდა. გამოდის, რომ Fisker-ის ავტომობილებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია, მაგრამ კომპანიამ ისიც ვერ დააკმაყოფილა. Fisker-ის წარუმატებლობას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის მაღალი ფასი, დაბალი ხარისხი, ბრენდის ისტორიის არარსებობა, სათადარიგო ნაწილების სიმწირე და, უბრალოდ, კონკურენცია. შედეგად, Fisker-ის ყიდვა ფაქტობრივად არავის სურს, რაც დიდწილად, MKBHD-ის სახელით ცნობილ იუთუბერს, მარკეს ბრაუნლის და მის ერთ-ერთ ვიდეოს უკავშირდება. ამ ვიდეოს, რომლის სათაურია “ყველაზე ცუდი ავტომობილი, რომლის შესახებ ოდესმე მისაუბრია” YouTube-ზე 6.2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

MKBHD-მ წლის საუკეთესო სმარტფონად Samsung S24 Ultra დაასახელა

ისე კი, ტექნოლოგიური ინდუსტრიის წლის შეჯამება MKBHD-ის გარეშე ნამდვილად არ გამოვიდოდა. ცოტა ხნის წინ, მარკეს ბრაუნლიმ წლის გამორჩეული სმარტფონები დაასახელა. წლის საუკეთესო სმარტფონის ჯილდო კორეულმა გიგანტმა, Samsung-მა მიიღო, რომელმაც საზოგადოებას ახალი თაობის ფლაგმანური სმარტფონი Galaxy S24 Ultra წარუდგინა. ეს სმარტფონი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ყველაზე მძლავრი და კომფორტული სმარტფონია, რომელსაც წელს ბაზარზე ვხვდებით. Galaxy S24 Ultra აღჭურვილია, როგორც ტიტანის კორპუსით, ასევე 200-მეგაპიქსელიანი კამერით და Qualcomm Snapdragon-ის უახლესი პროცესორით. ამ პროცესორის დახმარებით, ხელოვნური ინტელექტი S24 Ultra-ს თითქმის ყველა ძირითად მენიუში არის ჩაშენებული, ხოლო თავად ეს ტექნოლოგია ადამიანის ცხოვრების გამარტივებას ცდილობს. Samsung S24 Ultra არ არის ჩვეულებრივი სმარტფონი, რადგან საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს ის არაფერში სჭირდება. ის ტექნოლოგიური მაქსიმალიზმის პიკია, რომელსაც MKBHD-ისგან წლის საუკეთესო სმარტფონის ტიტული ერგო.

TECH INFORM-მა წლის საუკეთესო კომპანიად SpaceX-ი დაასახელა

თუკი MKBHD-მ წლის საუკეთესო სმარტფონები წარადგინა, TECH INFORM-მა წლის საუკეთესო კომპანია დაასახელა. წელს, ეს ჯილდო ილონ მასკის კოსმოსურმა ტიტანმა, SpaceX-მა მიიღო. BMG-ის ტექნოლოგიური გადაცემის მიერ ამ წოდების SpaceX-ისთვის მინიჭებას რამდენიმე ძირეული ფაქტორი განაპირობებს, რომელთა შორის მთავარი კომპანიის რეკორდულად გაზრდილი შეფასებაა. მიმდინარე წელს SpaceX-მა რამდენიმე საინვესტიციო რაუნდი ჩაატარა, რომელთა შედეგად კომპანიის შეფასება $350 მილიარდამდე გაიზარდა. შედეგად, SpaceX-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი გახდა. მწვერვალიდან ილონ მასკმა ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელის, TikTok-ის მფლობელი ჩინური ჰოლდინგი, ByteDance-ი ჩამოაგდო, რომელსაც ინვესტორები $268 მილიარდად აფასებენ.

ილონ მასკის xAI-ის შეფასება $45 მილიარდამდე გაიზარდა

SpaceX-ის გარდა, საინვესტიციო რაუნდი წელს ილონ მასკის კიდევ ერთმა კომპანიამ, xAI-მაც გამართა. ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ $6 მილიარდი მოიზიდა, რა დროსაც xAI-ის შეფასებამ $45 მილიარდი შეადგინა. ამ თანხას ილონ მასკის კომპანია დატაცენტრისთვის გამოიყენებს, რომელსაც xAI მემფისში აშენებს. ილონ მასკი დატაცენტრისთვის 100,000 ერთეული AI-პროცესორის ყიდვას გეგმავს, რომელთაც xAI-ის ხელოვნური ინტელექტი, Grok-ი და Tesla-ს თვითმართვადი ტექნოლოგია უნდა გამოკვებონ. ამ დატაცენტრებში ცოდნას ილონ მასკის ჰუმანოიდი რობოტებიც მიიღებენ.

2040 წლისთვის, ილონ მასკი 10 მილიარდი ჰუმანოიდი რობოტის გაყიდვას გეგმავს

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი წელს მორიგი დიდი პროგნოზით გამოვიდა. მილიარდერს სურს, რომ 2040 წლისთვის Tesla-მ 10 მილიარდი ჰუმანოიდი რობოტი გაყიდოს. თუ დავუშვებთ, რომ Tesla Optimus-ის გასაყიდი ფასი $20,000-$25,000-ის შუალედში იქნება, გამოდის, რომ ჰუმანოიდი რობოტების გაყიდვით ამერიკული კომპანია სულ მცირე $20 ტრილიონის შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს. ილონ მასკის შეფასებით, რობოტების მიმართ მოთხოვნა მუდმივად გაიზრდება, რადგან პლანეტის მოსახლეობა იკლებს, ხოლო დროსთან ერთად, ადამიანები ხელოვნური ინტელექტის ათვისებაზე და მარსის კოლონიზაციაზე დაფიქრდებიან. ჰუმანოიდ რობოტებზე Tesla-ში მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს და მას შემდეგ რამდენიმე პროტოტიპი წარმოადგინეს. Tesla Optimus-ის ბოლო ვერსია, რომელიც ცოტა ხნის წინ, Tesla-ს ბოლო ღონისძიებაზე ვნახეთ, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული მრავალპროფილური ჰუმანოიდი რობოტია, რომელიც ბაზარზე დღეს არსებობს.

რა როლი ითამაშა ილონ მასკმა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში?

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევაში, რაც წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენაა, ლომის წილი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს მიუძღვის. თავდაპირველად, ილონ მასკმა დონალდ ტრამპის მიმართ ქება არ დაიშურა და თან, წლევანდელი არჩევნები აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან, შეიძლება ითქვას, წყალგამყოფ მოვლენად შეაფასა და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. ამრიგად, ილონ მასკის კომპანიების მკვეთრი გაძვირება პირდაპირ უკავშირდება მილიარდერის პოლიტიკურ გააქტიურებას. მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ხალხმა მომავალ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია, საფონდო ბირჟებზე და კრიპტოინდუსტრიაში აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია შეიმჩნევა, ხოლო ბიტკოინმა ყველა დროის რეკორდი დააფიქსირა.

რა ბედი ელის AI-ის და კრიპტოვალუტებს დონალდ ტრამპის პირობებში?

როგორც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, ხელოვნური ინტელექტი და კრიპტოვალუტები ის ორი მიმართულებაა, რომელთა განვითარება აუცილებელია, თუკი მომავლის სამყაროში ქვეყანას დომინანტური პოზიციის შენარჩუნება სურს. ამ ორი სწრაფად მზარდი სექტორის თეთრი სახლის შიდა მარეგულირებლად დონალდ ტრამპმა ვენჩურული კაპიტალისტი, დევიდ საქსი დანიშნა, რომელიც, ამავდროულად, მეცნიერების და ტექნოლოგიის მიმართულებით პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე იქნება. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, დევიდ საქსი კრიპტოინდუსტრიის დერეგულაციის პროცესს უხელმძღვანელებს, რაც არჩეული პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის ფუნდამენტი იყო. როგორც ირკვევა, დევიდ საქსი თეთრ სახლში კრიპტოკომპანიების წარმომადგენელი იქნება, რომელიც ბიზნესის ხმას პრეზიდენტის ყურამდე და მარეგულირებლებამდე, მათ შორის საფონდო ბირჟების და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კომისიამდე და საბირჟო საქონლის სავაჭრო კომისიამდე მიიტანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები