გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის შედარებით ნეიტრალური აღმოჩნდა. Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსების ღირებულება საშუალოდ 0.5%-ით გაიზარდა.
ევროკავშირის მასშტაბითაც ვითარება პოზიტიური იყო, რადგან STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი, რომელიც უმსხვილეს ევროპულ კომპანიებს აერთიანებს, 1%-ით გაიზარდა.
გამორჩეულად დადებითი შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც ერთ კვირაში თითქმის 1.5%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 86 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 84 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 80 დოლარის ფარგლებშია, ერთ კვირაში კლება 2%-ია, ხოლო ერთწლიან პერიოდში ზრდის მაჩვენებელი 28%-ს აჭარბებს.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი/საათი ენერგიის ფასი 31 ევროს ფარგლებში მერყეობს, რაც 6%-იან კლებას წარმოადგენს.
ბოლოს კი ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, რომლის ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 0.7%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ფასმა 2,406 დოლარს მიაღწია.