2011 წლიდან მოყოლებული, ქართული კალათბურთისთვის ევრობასკეტზე ასპარეზობა ერთგვარ ტრადიციად იქცა: კონტინენტის პირველობაზე ჩვენი ნაკრები რეგულარულად თამაშობდა, თუმცა მთავარი მიზანი - მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა - კვლავაც შეუსრულებელ ამოცანად რჩებოდა. იგრძნობოდა, რომ გუნდი მზად იყო უფრო მაღალ დონეზე გამოსაცდელად და ამერიკის, აზიისა და აფრიკის უძლიერეს ნაკრებებთან შესახვედრად, მაგრამ ეს შესაძლებლობა რეალობად მხოლოდ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპმა აქცია.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
საგზურისთვის ბრძოლა საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში დაიწყო, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთი, იტალია, ისლანდია, უკრაინა და ნიდერლანდები იყვნენ. მომდევნო ეტაპზე მხოლოდ სამი გუნდი გადიოდა. ესპანეთმა და იტალიამ ფავორიტების სტატუსი გაამართლეს, ხოლო მესამე, ბოლო საგზურისთვის ბრძოლა საქართველოსა და ისლანდიას შორის გაიმართა.
გადამწყვეტი დაპირისპირება თბილისში, საშინაო არენაზე გაიმართა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ გამარჯვება არ იყო მნიშვნელოვანი - მნიშვნელობა ანგარიშის სხვაობასაც ჰქონდა. ისლანდიაში გამართული პირველი შეხვედრა საქართველომ 88:85 მოიგო, ამიტომ საპასუხო მატჩში ოთხი ან მეტი ქულით მარცხი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს გვართმევდა. თუ საქართველო და ისლანდია თანაბარ, 15-15 ქულას დააგროვებდნენ, უპირატესობას ურთიერთშეხვედრების ბურთების სხვაობა განსაზღვრავდა.
მატჩი ზუსტად სამი ქულის სხვაობით დავთმეთ და ბოლო წამამდე უდიდესი დაძაბულობა სუფევდა. საბოლოოდ, საქართველომ და ისლანდიამ სატურნირო ცხრილში თანაბარ, 15-15 ქულას მოუყარეს თავი. თანაბარი იყო ურთიერთშეხვედრებიც - ორივე ნაკრებმა თითო მატჩი მოიგო, ხოლო ბურთების სხვაობაც ნულოვანი გამოვიდა (+3 და -3). შედეგად, გადამწყვეტ კრიტერიუმად ჯგუფში ჩატარებულ 10 მატჩში ჩაგდებული და გაშვებული ბურთების ბალანსი იქცა.
მთელი ქვეყანა ზეიმობდა, ეს დაუვიწყარი მომენტი იყო. მაშინ ჩვენს ნაკრებს ილიას ზუროსი ედგა სათავეში, რომელმაც ასეთი სიტყვები თქვა: ეს დღე ჩემს საკალათბურთო კარიერაში ყველაზე ბედნიერიაო. საქართველოს რიგებში ყველაზე შედეგიანი 23 ქულით შერმადინი გახლდათ, მაკფადენმა 17 ქულა ჩააგდო, შენგელიას ანგარიშზე კი 20 ქულა იყო.
ჩვენი კაპიტანი და მისი დაუვიწყარი ამბავი
ამ ისტორიულ წარმატებაზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ თორნიკე შენგელიას ფაქტორს. მან ქვეყნის ინტერესებისთვის ყველაფერი გააკეთა – 4 დღეში 3 მატჩი ითამაშა და თითოეულში ლიდერად დარჩა. ნიდერლანდებში გამართულ მატჩში მან 25 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, რის შემდეგაც კლუბში დაბრუნებულმა “ვირტუს ბოლონიას” გამარჯვება მოაპოვებინა (12 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი), საბოლოოდ კი თბილისშიც გაიბრწყინა.
მატჩის შემდეგ კაპიტანმა ემოციური გზავნილი გაავრცელა: „მინდა ვუთხრა მომავალ თაობას, რომ დღეს ჩვენ თამასა ძალიან მაღლა ავწიეთ“.
დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფილიპინებმა, იაპონიამ და ინდონეზიამ უმასპინძლეს. წილისყრამ საქართველო F ჯგუფში განამწესა - ჩვენი კონკურენტები სლოვენია (ფავორიტი), ვენესუელა და კაბო-ვერდე გახლდნენ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირი ორ ჯგუფურ ეტაპად იმართებოდა: პირველ ეტაპზე ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადიოდა, მეორე ეტაპზე კი ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილებული გუნდებიდან ორ-ორი საუკეთესო პლეი-ოფის საგზურს იგებდა.
დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა:
- კაბო-ვერდე: 85:60 (გამარჯვება)
- სლოვენია: 67:88 (მარცხი)
- ვენესუელა: 70:59 (გამარჯვება)
ჯგუფური ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, საქართველო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც უკვე ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებს - გერმანიასა და ავსტრალიას დაუპირისპირდა. ორივე შეხვედრაში მეტოქეებმა 100-ქულიანი ზღვარი გადალახეს (გერმანია - 100:73, ავსტრალია – 100:84) და საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ამ ეტაპზე დასრულდა.
მიუხედავად მარცხისა, სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ჯგუფურ ეტაპამდე მიღწევა საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი წარმატება იყო. ამასთან, კიდევ უფრო შთამბეჭდავად ჩანს ის ფაქტი, რომ გერმანია საბოლოოდ ტურნირის ჩემპიონი გახდა: ნახევარფინალში მან აშშ ანგარიშით 113:111 დაამარცხა, ხოლო ფინალში სერბეთს 83:77 სძლია.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ელიტარულ გუნდებთან ტოლსწორად ბრძოლა, ხოლო ისლანდიასთან გადამწყვეტი მატჩი სამუდამოდ დარჩება ქართული კალათბურთის „სპორტულ სასწაულად“.
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
საქართველოს ნაკრები ამჟამად 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს და მორიგი ისტორიული შედეგის მიღწევის რეალური შანსი აქვს. ჯგუფურ ეტაპზე გუნდს კიდევ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა დარჩა: 2 ივლისს გასვლაზე უკრაინას დაუპირისპირდება, ხოლო 5 ივლისს თბილისში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
ამ დროისთვის საქართველო ოთხგუნდიან ჯგუფში, სადაც ესპანეთი, უკრაინა და დანია თამაშობენ, მესამე ადგილზეა. რეგლამენტის მიხედვით, მომდევნო ეტაპზე სამი საუკეთესო გუნდი გადის, ამიტომ ჩვენი ნაკრები ამჟამად გამსვლელ პოზიციაზე იმყოფება და ბოლოადგილოსან დანიას ორი ქულით უსწრებს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გუნდებს პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულებიც გადაჰყვებათ, რაც დარჩენილ ორ მატჩს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
უკრაინასთან მატჩის განაცხადში 12 კალათბურთელი იქნება წარმოდგენილი:
- ალექსანდრე მერკვილაძე
- მარკის რიდი
- რატი ანდრონიკაშვილი
- კახაბერ ჯინჭარაძე
- ბექა ბურჯანაძე
- დუდა სანაძე
- გიორგი ტურძილაძე
- გიორგი კორსანტია
- ალექსანდრე ფევაძე
- თორნიკე შენგელია
- გოგა ბითაძე
- გიორგი ოჩხიკიძე
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.




























