მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი კვარტალური შედეგები აქვს The Coca-Cola Company-ს?

coca-cola

გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია The Coca-Cola Company-მ 2025 წლის მე-4 კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა.

საანგარიშო პერიოდში გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა $11.82 მილიარდი შეადგინა, რაც $210 მილიონით ჩამორჩება უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს, თუმცა აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს.

გაიზარდა წმინდა მოგებაც და 2025 წლის ბოლო 3 თვეში $2.27 მილიარდი შეადგინა. ამ ფონზე ინვესტორებისთვის ერთ აქციაზე გასაცემი დივიდენდების მოცულობა $0.58 დოლარით განისაზღვრა, რაც $0.2 ცენტით აჭარბებს ექსპერტების პროგნოზებს.

ბოლო კვარტალის შეფასებასთან ერთად The Coca-Cola Company-მ ფისკალური 2025 წელიც შეაჯამა. ბოლო 12 თვის განმავლობაში მან შემოსავლის სახით $47.9 მილიარდი დოლარი მიიღო, თითოეულ ინვესტორზე კი დივიდენდის სახით აქციაზე $3.04 დოლარი გაიცა. ამ შედეგით კომპანიამ გასულ წელთან შედარებით 23%-იანი ზრდა დააფიქსირა. წლის განმავლობაში კაპიტალურმა დანახარჯებმა $2.1 მილიარდი შეადგინა, რაც ფისკალურ 2024 წელთან შედარებით 2%-იანი მატებაა და განპირობებულია სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებაში რეინვესტირების ზრდით.

განსაკუთრებით მოგებიანი The Coca-Cola Company-სთვის Coca-Cola Zero Sugar (უშაქრო) ბრენდი აღმოჩნდა, რომლიდან მიღებული შემოსავლებიც ბოლო კვარტალში 13%-ით გაიზარდა. 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა კომპანიის მიერ წარმოებული ჩაის, ყავისა და წყლის გაყიდვებში.

კარგი კვარტალური შედეგების გამოქვეყნების მიუხედავად, კომპანიის აქციების ფასი პრემარკეტზე 3.81%-ით შემცირდა, რაც 2026 წლის ზრდის პროგნოზითაა განპირობებული. კერძოდ, კომპანია მოელის, რომ ფისკალურ 2026 წელს ორგანული შემოსავალი 4%-5%-ით გაიზრდება. ამჟამად The Coca-Cola Company-ს ერთი აქციის ღირებულება $77.97 დოლარია, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $335.40 მილიარდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები