„გეზრული ჩაის" დირექტორმა თორნიკე შეყილაძემ, ჩაის ტურიზმის განვითარებისთვის, 23 000 ევროს ინვესტიცია განახორციელა. ფერმერი Bm.ge-სთან ამბობს, რომ აღნიშნული თანხით, მემკვიდრეობით მიღებული სახლი საოჯახო სასტუმროდ გადააკეთა, სადაც მომხმარებლებს ჩაის დამზადების ტექნოლოგიისა და ქართული ჩაის კულტურის გაცნობის საშუალება აქვთ.
ფერმერი ტურისტებს გასტრო და სათავგადასავლო ტურებსაც სთავაზობს.
“გაჩნდა იდეა მემკვიდრეობით მიღებული სახლი საოჯახო სასტუმროდ გადაგვეკეთებინა, სადაც მომხმარებელს ჩაის დამზადების ტექნოლოგიებს, ქართული ჩაის კულტურას და ისტორიას გავაცნობდით. გრანტი მივიღეთ რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის, პროექტი GRETA, მწვანე ეკონომიკა მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობისგან, რომელიც ევროკავშირის თანადაფინანსებით ხორციელდება. გრანტის თანხა, 16 000-მდე ევროს შეადგენდა. ამის დახმარებით იდეა განვახორციელეთ “, - ამბობს იგი და დასძენს, რომ ჩაის ტურიზმს საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს, რის გამოც ამ სფეროში ჯამურად 23 000 ევროს ინვესტიცია ჩადო.
რაც შეეხება აღნიშნული მიმართულებით დაინტერესებულ ტურისტებს, ფერმერის თქმით, სასტუმროში მათი რვა ჯგუფი უკვე მიიღეს:“ისინი ძირითადად, გერმანიიდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან და ინგლისიდან არიან“.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წელს „გეზრული ჩაი“ საფრანგეთის ბაზარზე გავიდა. მათი საექსპორტო ბაზარი ასევე ჩეხეთია და აღნიშნულ ბაზრებზე ჯამურად 10 000 დოლარის პროდუქციის რეალიზაციას ახერხებენ.