რამდენიმე წლის წინ, “თიბისი ჯგუფმა” საერთაშორისო გაფართოება დაიწყო და Space International-ის ბაზაზე უზბეკეთში პირველი ციფრული ბანკი შექმნა. ცენტრალური აზიის ამ 36-მილიონიან ქვეყანაში დაფუძნების შემდეგ, ქართული “თიბისის” უზბეკური ბიზნესი მდგრადად იზრდება, ხოლო თავად კომპანიამ მოგებაზე გასვლა ამოქმედებიდან ზუსტად ორი წლის თავზე მოახერხა და ეს ტენდენცია, მიმდინარე წელსაც გრძელდება.
როგორც “თიბისი ჯგუფის” მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის პირველი კვარტალის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშიდან ვიგებთ, აღნიშნულ პერიოდში “თიბისი უზბეკეთმა” ₾18.4 მილიონის წმინდა მოგება დააგენერირა, რაც წლიურად 45%-იანი ზრდაა. 2023 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, მართალია, წმინდა მოგების 9.8%-იანი კლება ფიქსირდება, მაგრამ აღნიშნული შედეგი, შესაძლოა, სეზონურობით, ანუ წლის ბოლო კვარტალში მომხმარებლების მიერ შედარებით მაღალი დანახარჯებით იყოს განპირობებული.
“თიბისი ჯგუფის” მიერ უზბეკეთში გენერირებული წმინდა მოგების ზრდას, ცხადია, გაზრდილი შემოსავალი განაპირობებს. 2024 წლის პირველი კვარტალის შედეგებით, ციფრული ბანკების სასესხო პორტფელის ზომა ₾928.5 მილიონს შეადგენს - კვარტალურ ჭრილში, ეს პარამეტრი 16.5%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი ზრდა 127.6%-ია. სასესხო პორტფელთან ერთად, საანგარიშო პერიოდში ₾657.1 მილიონამდე გაიზარდა TBC UZ-ში სადეპოზიტო პორტფელი, რაც კვარტალურად 13%-ით, წლიურად კი - 75.5%-ით მეტია.
ციფრულ ბანკთან ერთად, როგორც ცნობილია, “თიბისი ჯგუფის” პორტფელში უზბეკეთის უდიდეს საგადახდო პლატფორმას, Payme-საც ვხვდებით, რომელმაც წლის პირველ კვარტალში ₾2.5 მილიარდის ტრანზაქციები გაატარა, რაც 3.8%-ით ნაკლებია, ვიდრე წინა კვარტალში, მაგრამ 13.6%-ით მეტია, ვიდრე შარშან. TBC UZ-ის და Payme-ის სერვისებს უზბეკეთში 14.5 მილიონი ადამიანი იყენებს და ერთი წლის ჭრილში, ამ მაჩვენებელი 43%-ით იმატა. მომხმარებლების უდიდესი ნაწილი Payme-ზე მოდის, ხოლო “თიბისი უზბეკეთს” 4.7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც კვარტალურად 10%-იანი, წლიურად კი 31%-იანი ზრდაა. ყოველდღიურად, TBC UZ-ის სერვისებს 1.3 მილიონი ადამიანი იყენებს, ანუ 36%-ით მეტი, ვიდრე შარშან.
როგორც “თიბისი ჯგუფის” გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის აქციონერებისადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, მიმდინარე წელს ქართული კომპანია უზბეკეთში ახალი პროდუქტების განვითარებაზე კონცენტრირდება, მათ შორის საკრედიტო ბარათების გამოშვებაზე და ყოველდღიური საბანკო სერვისების განვითარებაზე. ამასთან, “თიბისი ჯგუფი” MSME-ბაზარზე პოზიციების გაუმჯობესებას და ბიზნესის მასშტაბირებას გეგმავს.