თუკი უკრაინის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დავუჯერებთ, გასული წელი უკრაინული ბიზნესისთვის წარმატებული იყო, რადგან კომპანიების ჯამური შემოსავალი 15%-ით გაიზარდა და 5.3 ტრილიონი გრივნა, ანუ $127.2 მილიარდი შეადგინა, რაც ქვეყანაში არსებულ 12%-იან ინფლაციაზე უკეთესი შედეგია.
შარშან, უკრაინაში შემოსავლით ყველაზე დიდი კომპანიის ტიტული მილიარდერ რინატ ახმეტოვის ენერგეტიკულმა კომპანია “დი-ტრეიდინგმა” მიიღო, რომელმაც გაყიდვები 30%-ით გაზარდა, რითაც $5.2 მილიარდი გამოიმუშავა.
რინატ ახმეტოვის კომპანიის შემოსავლის ზრდა სრულ თანხვედრაშია იმ ტენდენციასთან, რომელსაც ბაზარზე ვხვდებით, რადგან შემოსავლის ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა “უკრაინის ენერგეტიკულმა კომპანიამ” დააფიქსირა, რომელმაც გაყიდვები 226%-ით, $535 მილიონამდე გაზარდა. უკრაინის უმსხვილეს ორას კომპანიაში მოხვედრილი ენერგეტიკული კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა გასულ წელს $27.6 მილიარდი შეადგინა.
შემოსავლით მეორე ადგილს უკრაინაში ნავთობისა და გაზის სექტორი იკავებს, რომელმაც გასულ წელს $20.7 მილირდის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 9%-იანი ზრდაა. ყველაზე დიდი ზრდა ამ მიმართულებით “უკრნაფტა-პოსტაჩმა” დააფიქსრია, რომელიც 2022 წელს ნაციონალიზებული “უკრნაფტის” შვილობილია, რომელიც ერთ დროს უკრაინის უმდიდრესი ადამიანის, იგორ კოლომოისკის აწ უკვე ჩამოშლილი ბიზნესიმპერიის აქტივებს ერთმანეთის მიყოლებით ყიდულობს.
შემოსავლიანობით მესამე ადგილს უკრაინაში საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, რომლის გაყიდვებმა გასულ წელს 16%-იანი ზრდა დააფიქსირა და 689 მილიარდი გრივნა, ანუ $16.5 მილიარდი გამოიმუშვა. ამ მხრივ, გამოსარჩევია პოლონური ჰოლდინგი LPP, რომელიც, როგორც ჩანს, დივიდენდს გაბედულობისთვის იღებს, რადგან კომპანია უკრაინაში მაშინ დარჩა, როცა მისი მთავარი კონკურენტები, მათ შორის ესპანური Zara და შვედური H&M ბაზრიდან გავიდნენ.
შემოსავლით დალაგებული სექტორების ხუთეულში ასევე ვხვებით თამბაქოს წარმოებას და სატელეკომუნიკაციო სექტორს. თამბაქოს სექტორის შემოსავალმა უკრაინაში გასულ წელს 50%-ით იმატა, რაც ბაზარზე არსებულ ანტიმონოპოლიურ ძვრებს უკავშირდება, როცა სატელეკომუნიკაციო სექტორში კვლავაც სამ კომპანიას ვხედავთ, ესენია Lifecell-ი, Vodafone-ი და “კიევსტარი”.



























