„ბიზნეს ტურიზმის ასოციაციაში" ფიქრობენ, რომ ონლაინ სწავლება საკმაოდ კარგად ვითარდება და შესაძლოა მსგავსი ტიპის ღონისძიებებმა ონლაინ ფორმატში გადაინაცვლოს.
როგორც ასოციაციის დამფუძნებელი ირმა კოდუა „საქმის კურსში“ ამბობს, არსებობს ისეთი მიმართულებებიც, სადაც ონლაინ შეხვედრები პირდაპირ ურთიერთობებს ვერ ჩაანაცვლებს.
"ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ სხვადასხვა ინდუსტრიულ კონფერენციებსა და შეხვედრებზე ხშირად ისმებოდა კითხვა: ხომ არ მოხდება [პირადი შეხევდრების ჩანაცვლება] ონლაინით, პანდემიამ ეს დაგვანახა და აღმოჩნდა, რომ თურმე არა. პირდაპირი კომუნიკაციის დროს ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად ხდება გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, ვიდრე ვირტუალური კომუნიკაციისას. განსაკუთრებით გამოფენების და დიდი კონფერენციების შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ პირადი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.
ვფიქრობ, ონლაინ ფორმატში ისეთი ტიპის ღონისძიებები გადაინაცვლებს, როგორიცაა ტრენინგები, რადგან ამ ღონისძიებას კონკრეტული მიზანი აქვს - დასწავლა უნდა მოხდეს. ონლაინ სწავლება საკმაოდ კარგად ვითარდება.
თუმცა სხვა სახის ღონისძიებები ვერ გადაინაცვლებს ონლაინ, მაგალითად როდესაც კომპანიას თანამშრომლები ან მისი ბიზნეს პარტნიორები სამოგზაუროდ მიჰყავს იმისთვის, რომ წარმატებული წლისთვის მადლობა გადაუხადოს, ამ შემთხვევაში ცალსახად უშუალოდ მოგზაურობა უკეთეს ვერსიად დარჩება", - განაცხადა ირმა კოდუამ.