როგორი უნდა იყოს სტარტაპებისთვის მიმზიდველი ქვეყანა?, - ამ თემაზე, U.S. News and World Report-მა უახლესი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც დაასახელა მეწარმეებისთვის საუკეთესო ქვეყნები და ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც ბიზნესის დასაწყებად მნიშვნელოვანია. განვითარების გზაზე გადამწყვეტი როლი, კვალიფიციურ და განათლებულ სამუშაო ძალას ეკისრება, ასევე ჩამონათვალში ხვდება განვითარებული ინფრასტრუქტურა, სამართლებრივი ჩარჩო და ცხადია ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია კაპიტალზე ხელმისაწვდომობა.
მთავარი კითხვაა, თუ რა ბიზნეს სარგებელს სთავაზობენ ქვეყნები მათ და რატომ უყვართ კონკრეტულად აქ ცხოვრება მეწარმეებს.
მსოფლიოში რიგით მეოთხე, ევროპაში კი ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გერმანია, ბიზნესის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მსოფლიოში. ეს კი ქვეყანაში არსებულმა გამჭვირვალე ბიზნეს გარემომ, მაღალკვალიფიციურმა მუშახელმა და დამწყები მეწარმეების მიმართ მეგობრულმა დამოკიდებულებამ განაპირობა.
როგორც თავად ადგილობრივი მეწარმეები აცხადებენ, გერმანიის მთავრობას მაქსიმალურად გამარტივებული აქვს ბიზნესის დაწყების პროცედურები. მაგალითად, ერთ-ერთი მეწარმე იხსენებს, რომ მას დასაწყისში მხოლოდ 20 ევროს გადახდა მოუწია და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად. ხელისუფლება კი მაქსიმალურად ორიენტირებულია ბიზნესის რაოდენობის ზრდაზე, განვითარებაზე და მეტი ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე.
გარდა გერმანიისა, სტარტაპერებისთვის ტოპ-ქვეყნების ჩამონათვალში იაპონიაც სახელდება, რომელიც ბიზნეს სამყაროს ერთგვარ პარადოქსს წარმოადგენს. რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც შენარჩუნებულია როგორც ძველი ტექნოლოგიები, ისეთი როგორიცაა მაგალითად ფაქსი, ასევე ადაპტირებულია ულტრათანამედროვე მოწყობილობები, რობოტები და გაჯეტები, რომლებიც ჯერ მსოფლიოს დანარჩენ ქვეყანაში არ გამოუყენებიათ. თავად მეწარმეები კი აღნიშნავენ, რომ ის პრობლემები და გამოწვევები რაც წლების განმავლობაში იყო ქვეყანაში, უკვე დაძლეულია და დაწყებულია სერიოზული კულტურული პროგრესი. თუკი ადრე, ადამიანები უფრო დიდი კორპორაციებისკენ ილტვოდნენ, დღეს უფრო მიმზიდველი მცირე მეწარმეობა გახდა. ამიტომაც გაუმჯობესდა ბიზნეს გარემო და ქვეყანა მზად არის უფრო და უფრო მეტი დამწყები მეწარმის მისაღებად. იაპონიის ეკონომიკის მთავარი არტერია კი ტოკიოზე გადის, სადაც თავს იყრის ბევრი საერთაშორისო შესაძლებლობა, იმისათვის, რომ საერთო ინტერესების მქონე ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირდნენ.
ამას ემატება უნიკალური გამოცდილება და საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრები. თუმცა ქვეყანაში დღემდე მთავარ გამოწვევად ინგლისური ენის არცოდნა სახელდება და მთავრობა აქტიურად არის ჩართული ამ პრობლემის გადაჭრაში. იაპონიაში წარმატების მისაღწევად, რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია ადგილობრივი ენისა და სოციალური ეტიკეტის ცოდნა, თუმცა ასევე საჭირო გახდა ინგლისურად საუბარი, იმისათვის, რომ წარმოებული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზეც გავიდეს.
სტარტაპერების ფავორიტ ქვეყანათა სიაში, ამერიკის შეერთებული შტატებიც დასახელდა. ამერიკული ოცნება, რომლის თანახმადაც, აქ ნებისმიერს შეუძლია მიაღწიოს უდიდეს წარმატებას - დღემდე აქტუალურია, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. „ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ მიზნების მისაღწევად, ვიბრძოლოთ უკეთესი ცხოვრების მისაღებად და პროგრესისთვის“ - ასეთია იმ ანტერპრენიორთა ძირითადი მოტივაცია, რომლებსაც საკუთარი სტარტაპ-საქმიანობა შტატებში აქვს დაწყებული და განსაკუთრებით აფასებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს აყენებენ რისკ-ქვეშ ოცნებების გახორციელების გზაზე. ხოლო ბევრი სხვა კულტურისგან განსხვავებით, აქ წარუმატებლობა ტრაგედია არ არის და განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი გამოცდილება. ანტერპრენიორთა დახმარების პროცესში ხელისუფლებაც ჩართულია და არსებობს ბევრი წამახალისებელი პროგრამა, რომელთა დახმარებითაც ხდება დამწყებ მეწარმეთა სტატუს-კვოს შემოწმება.
ამ ქვეყანაში საკმარისია გავყიდოთ იდეა, რომელიც შეძლებს გავლენის მოხდენას და გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს. წარმატების მიღწევას კი ისიც აიოლებს, რომ აქ ერთ ხმასაც ძალა აქვს და შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს კულტურულ ცვლილებებზე. თუმცა გარდა ამერიკისა, ასევე უნდა ვისაუბროთ დიდ ბრიტანეთზეც, რადგან ანტერპრენიორებისთვის არც ეს ქვეყანა დარჩენილა ყურადღების მიღმა. მიუხედავად იმისა, რომ Brexit-მა გარკვეული ბარიერები წარმოშვა ბრიტანეთსა და ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობებში, ბევრი მეწარმე კვლავ მიიჩნევს, რომ ეს საუკეთესო ადგილია ბიზნესის დასაწყებად, რადგან აქ თავს იყრის ძლიერი ბიზნეს-საზოგადოება და ნიჭი. გარდა ამისა დიდ ბრიტანეთში, დაფინანსების მოპოვება გაცილებით იოლია, ხოლო საზოგადოება, განსაკუთრებით კი ლონდონში, მოტივირებულია დამწყები ბიზნესმენების მხარდაჭერისკენ. მთავარი უპირატესობა კი, კვალუფიციური კადრებია და ვფიქრობ ძალიან ცოტა ადგილი მოიძებნება მსოფლიოში, სადაც ერთ ადგილას ამდენი ნიჭიერი და განათლებული ადამიანია თავმოყრილი.

























