მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი უნდა იყოს სტიქიის დროს სახელმწიფოს რეაგირება? - შალვა კერესელიძის მოსაზრება

გუბერნ

მცხეთა-მთიანეთის მხარის ყოფილი გუბერნატორი შალვა კერესელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს გურიაში მომხდარ სტიქიაზე სწორი რეაგირებისთვის 12 საათზე მეტი არ უნდა დასჭირვებოდა. როგორც პარტია "საქართველოსთვის" წევრი "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნავს, საკოორდინაციო შტაბში უნდა გაერთიანებულიყო ყველა კერძო თუ საჯარო სტრუქტურა, რომელიც რეგიონში ინფრასტრუქტურის მშენებლობა/შენახვაზეა პასუხისმგებელი.

"საკოორდინაციო შტაბში უნდა გაერთიანებულიყო გურიის რეგიონში ყველა კერძო სტრუქტურა, რომელიც საგზაო, წყალმომარაგების სისტემების მშენებლობითაა დაკავებული, მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში, მუნიციპალიტეტთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული გზების მოვლა-პატრონობაზე - ყველა კომპანია კონკრეტული ციფრებითა ინფორმაციით უნდა მჯდარიყო შტაბში და ეთქვა, ვის რა ტექნიკით შეუძლია დახმარება.

უნდა მომხდარიყო დამატებით ადამიანური რესურსის, ცოცხალი ძალის მობილიზება მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე. ასეთ დროს ყველას შეუძლია რაღაცის გაკეთება, ძლიერსაც და ნაკლებად ძლიერსაც, ვისაც რა რესურსი აქვს. საჭირო იყო სურსათით მომარაგება და ა.შ. ამ ყველაფერს, კარგი მუშაობითა და დაგეგმარებით, 12 საათზე მეტი არ უნდა დასჭირვებოდა, რომ ყველას თავის პოზიცია დაეკავებინა და ტექნიკა სოფლებში გასულიყო", - ამბობს შალვა კერესელიძე.

კერესელიძე აღნიშნავს, რომ აუცილებელი იყო მოსახლეობასთან კომუნიკაცია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რეგიონებში საჯარო უწყებები ადგილობრივ მოსახლეობას კარგად იცნობს.

"სახელმწიფომ ზეპირად იცის იმ მოქალაქეების სახელ-გვარები, ვინც სტიქიის ზონაში იმყოფებიან. ამომრჩეველთა სიები შტაბში ცალკე აქვთ, მერიებში ცალკე, ძალოვან სტრუქტურებში ცალკე... ყველაფერი იციან. ამ მოქალაქეებთან უნდა შემდგარიყო კომუნიკაცია, მოეკითხათ, რა მოხდებოდა. ამის ორგანიზება შტაბის მიერ უნდა მომხდარიყო და ასე რომ ყოფილიყო, ჯარის მობილიზება, შესაძლოა, აღარც გამხდარიყო საჭირო", - ამბობს კერესელიძე.

ყოფილმა გუბერნატორმა სტიქიის ლიკვიდაციისთვის საჭირო ტექნიკის არარსებობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სახელმწიფო რესურსებს არასწორად ამისამართებს და პროევროპული აქციების დასარბევად გაწეული ხარჯები სწორედ ამ მიმართულებით უნდა მომართოს.

"გამართულ და ნორმალურ სახელმწიფოში რომ ვცხოვრობდეთ, სახელმწიფო რუსთაველზე მდგარი ახალგაზრდების დასარბევად ულტრათანამედროვე ტექნიკას კი არ უნდა ყიდულობდეს და ამაში ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავდეს, არამედ სტიქიის სალიკვიდაციოდ საჭირო ტექნიკას. ეს ფული უნდა დაიხარჯოს სტიქიური მოვლენების სამართავად, რადგან საქართველოში სტიქია ყოველ წელს ხდება, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე.

120 მილიონ ლარს რომ ხარჯავ იმაში, რომ რამდენიმე ათეულ ათას კაცს 300 ლარი გადაუხადო და შეინახო, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებზე ხმა მოგცენ, ეს თანხა მთლიანად ეყოფოდა მსგავსი პრობლემების მოგვარებას. ნორმალური სახელმწიფო ყველა უწყების სწორ კოორდინაციას უნდა ახორციელებდეს", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები