მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია AI-ით აღჭურვილი Acer-ის ჭკვიანი ველოსიპედი?

Acer ebii

ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება და ეტაპობრივად AI თითქმის ყოველ ასპექტში იმკვიდრებს საკუთარ თავს. მობილური მოწყობილობებით დაწყებული, ელექტრომობილებით დამთავრებული, AI-ს ჩაშენება შესაძლებელია ყველგან, სადაც საქმეში ელექტრონული სისტემებია ჩართული.

კომპიუტერული მოწყობილობების მწარმოებელმა მსხვილმა საერთაშორისო კომპანიამ, Acer-მა ამჯერად ბაზარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ჭკვიანი ველოსიპედის ჩაშვება გადაწყვიტა, რომელიც ტრანსპორტირების სექტორში ახალ სიტყვად შეიძლება ჩაითვალოს.

ეს ელექტრონული ველოსიპედი, რომელსაც ebii ეწოდება, სულ რაღაც 23.5 კილოგრამს იწონის, რაც მას განსაკუთრებით მოქნილ ტრანსპორტად აქცევს. ერთი დამუხტვით ebii-ს დაახლოებით 110 კილომეტრის გავლა შეუძლია, მისი ბატარეის 0-დან 100%-მდე დატენას კი 2.5 საათი სჭირდება.

გარდა ამისა, ველოსიპედს ბატარეის შეცვლის ფუნქციონალიც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სათადარიგო ბატარეით 200 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლაა შესაძლებელი, რაც ნებისმიერი ველოსიპედისთვის საკმარისზე მეტი მანძილია.

ebii-ს მაქსიმალური სიჩქარე 25 კმ/სთ-ს აღწევს და მას ჰიდრავლიკური სამუხრუჭე სისტემა აქვს. გარდა ამისა, ebii-ს საბურავები დაშვების საწინააღმდეგო სისტემით არის აღჭურვილი, ანუ ველოსიპედი გადაადგილებას მას შემდეგაც ახერხებს, თუკი მისი საბურავი დაზიანდება.

რაც შეეხება ebii-ს ვიზუალურ მხარეს, ის მინიმალისტური დიზაინით, მსუბუქი სტრუქტურით, ელეგანტურობითა და სიმარტივით გამოირჩევა. რაც მთავარია, ველოსიპედის შავი და თეთრი ფერები კარგად ერწყმის ურბანულ გარემოს და მას სოლიდურ ელფერს სძენს.

ცხადია, ჭკვიან ველოსიპედთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესო ტექნოლოგიური სიახლე ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება, ის უზრუნველყოფს თქვენს მართვის სტილზე ზუსტად მორგებას, რაც, დროსთან ერთად, ebii-ს ეფექტიანობას ზრდის. AI სწავლობს, თუ როგორ ატრიალებთ სატერფულებს, რა სიჩქარით გადაადგილდებით კონკრეტულ მონაკვეთებში, რამდენად ხშირად ამუხრუჭებთ და როგორ მართავთ ველოსიპედს. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ხელოვნური ინტელექტი უკეთესი მართვის გამოცდილების შეთავაზებას ახერხებს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, AI-ასისტენტი გეხმარებათ სწორედ მაშინ, როცა ელექტრონული სიმძლავრე ყველაზე მეტად გჭირდებათ, მაგალითად, აღმართზე ასვლისას.

AI უზრუნველყოფს ebii-ს უსაფრთხოებასაც. ჭკვიანი ველოსიპედი Bluetooth-ის მეშვეობით უკავშირდება თქვენს ტელეფონს და თუ მას სადმე დატოვებთ, ის ავტომატურად ჩაიკეტება, ebii-ს დაცვის სისტემა კი - ამოქმედდება. თუკი ვინმე ebii-ს მოპარვას შეეცდება, სისტემა მობილურზე ავტომატურად გამოგიგზავნით გამაფრთხილებელ შეტყობინებას და GPS-ის მეშვეობით გიჩვენებთ ველოსიპედის ზუსტ მდებარეობას.

ცხადია, ebii-ს საკუთარი აპლიკაცია აქვს, რომელიც საჭირო ინფორმაციას, რუკას და ძირითად მონაცემებს გიჩვენებთ.

რაც შეეხება ყველაზე საინტერესო ფუნქციონალს, ის შეჯახების საწინააღმდეგო სისტემას უკავშირდება. Acer-ის ჭკვიანი ველოსიპედი აღჭურვილია სპეციალური სენსორებით, რომელთა დახმარებით ebii პოტენციური საფრთხის თავიდან არიდებაში გეხმარებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები