საქართველოს პარლამენტი ალტერნატიული საპენსიო რეფორმის განხილვას იწყებს. პარლამენტის და „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა „საქმიან დილაში“ განმარტა, რით განსხვავდება ალტერნატიული საპენსიო რეფორმა მოქმედი მოდელისგან და აღნიშნა, რომ ალტერნატიული ვარიანტი გაცილებით მასშტაბურია.
„ალტერნატიული საპენსიო რეფორმის ვარიანტში, მოქალაქემ 1 წლის განმავლობაშიც რომ შეიტანოს თანხა, ის მაინც გაზრდილ პენსიას მიიღებს, ეს არის პირველი განსხვავება.
მეორე და მთავარი განსხვავება არის შემდეგი- დაბალშემოსავლიანი ადამიანები, ვისაც ხელფასი 1000 ლარზე ნაკლები აქვს და მათი რაოდენობა 65%-ს შეადგენს, პროპორციულად მიიღებენ გაზრდილ, უფრო დიდ პენსიას, ვიდრე შედარებით მაღალშემოსავლიანები. ანუ, დაგროვების კოეფიციენტი არის მაღალი. სტატისტიკა რომ ნახოთ, დაბალშემოსავლიანი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა არის დაბალი, შესაბამისად, საზოგადოება ვალდებულია ამის კომპენსირება მოახდინოს სოლიდარობის პრინციპზე დაყრდნობით“- აღნიშნა მან
მისივე თქმით, ცვლილება მავნე და მძიმე პირობებში მომუშავე ადამიანებსაც შეეხება.
„ჩვენ შემოგვაქვს ახალი კატეგორია, როგორიცაა მძიმე და მავნე პირობებში მომუშავე ადამიანები, რომლებსაც შეეძლებათ 5 წლით ადრე გავიდნენ პენსიაზე, თუმცა მათ შემთხვევაში დამსაქმებელი გადაიხდის არა 2%-ს, არამედ 2.5%, რომ ის 5 წლის დანაკლისი ანაზღაურდეს, გაზრდილ პროცენტს მხოლოდ დამსაქმებელი გადაიხდის, რადგან ის ამუშავებს ადამიანს მძიმე და მავნე პირობებში. ეს არის ძალიან კომპლექსური რეფორმა, რომელიც მოიცავს უთანასწორობის შემცირებიდან დაწყებული, მძიმე და მავნე პირობებში მომუშავე ადამიანების პირობების გაუმჯობესებით დამთავრებული ყველაფერს,“ - განმარტა ნაცვლიშვილმა.

























