საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პოლიტიკის ბიზნეს აქტივობებზე გავლენას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან BMG-ის წინასაარჩევნოდ ბიზნესის განწყობებზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ლევან ვეფხვაძის თქმით, ფინანსური ნაკადების, ეკონომიკური ზრდის თუ სხვა მონაცემების გათვალისწინებით, ნეგატიურ გავლენას ვერ ხედავს. როგორც მან აღნიშნა, ბიზნესის განწყობა და მოლოდინები უფრო დეტალურად ასოციაციის ინდექსში იქნება ასახული, რომელიც აგვისტო-სექტემბრის პერიოდში გამოქვეყნდება.
„ეკონომიკური ზრდა, ფინანსური და საინვესტიციო აქტივობები საკმაოდ მაღალია, გაყიდვები ძალიან მაღალია, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკას ბიზნეს აქტივობებზე გავლენა მნიშვნელოვნად არ აქვს, რაც ძალიან კარგია“,- აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.