ზედმეტად ჭკვიანი საათებისა და მაჯის კომპიუტერების ეპოქაში Casio საინტერესო გადაწყვეტილებას იღებს და ბაზარზე ახალ პროდუქტს, 56-დოლარიან ელექტრონულ საათს უშვებს, რომელსაც ნაბიჯების დათვლა შეუძლია, ანუ იმ მთავარი ფუნქციის შესრულება, რის გამოც მომხმარებლები ხშირად 700-დოლარიან Smart Watch-ებს ყიდულობენ.
Casio WS-B1000 რეტრო დიზაინის მქონე, მინიმალისტური პროდუქტია, რომელიც 30 წლის შემდეგაც ისეთი მიმზიდველი იქნება, როგორიც 30 წლის წინ იყო. მას პლასტმასის კორპუსი და რეზინის სამაჯური აქვს, რაც მოწყობილობის გამძლეობაზე დადებითად აისახება.
56-დოლარიან Casio-ს ნაბიჯების მთვლელი, მაღვიძარა, წამმზომი და Bluetooth-ის ფუნქციონალი აქვს, რომელიც სმარტფონში ხელმისაწვდომ აპლიკაციას უკავშირდება და მონაცემთა ანალიზის საშუალებას იძლევა.
მოწყობილობა სულ რაღაც 36 გრამს იწონის, რაც მეტალის კორპუსის მქონე მექანიკურ საათთან შედარებით წარმოუდგენლად მსუბუქად შეიძლება ჩაითვალოს.
რაც მთავარია, Casio-ს ჭკვიანი საათი მაქსიმალურად პრაქტიკულია, რადგან მას ელემენტის გამოცვლა 2 წელიწადში ერთხელ სჭირდება, ანუ ის ადამიანის ცხოვრებას უბრალოდ ამარტივებს.
სიიაფემ არ მოგატყუოთ, 56-დოლარიანი საათი ისევე ზუსტად ითვლის ნაბიჯებს, როგორც Apple Watch Ultra. მართალია, მას Ultra-სთან შედარებით 100-ჯერ ნაკლები ფუნქციონალი აქვს, თუმცა WS-B1000-ის მომხმარებელს სულ ორი რამ აინტერესებს - დრო და ნაბიჯების რაოდენობა.
ორიოდე სიტყვით თავად Casio-საც უნდა შევეხოთ, ეს იაპონური კომპანია 78 წლის წინ დაფუძნდა და მის პორტფელში არაერთ გამორჩეულ პროდუქტს შეხვდებით. დაბალი ფასის მიუხედავად, Casio გამძლეობისა და ხარისხის სიმბოლოდ ითვლება, საათების მოყვარულები კი ისეთივე მოწიწებით ეპყრობიან Casio-ს, როგორც ავტოენთუზიასტები Toyota-სა თუ Honda-ს.