საქართველოს 11-13 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვევა. "ოცნების" მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილი ზორან მილანოვიჩს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ზორან მილანოვიჩის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ასევე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა "ოცნების" პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.
BM.GE გთავაზობთ საქართველო-ხორვატიის ეკონომიკურ ურთიერთობებს რიცხვებში, რომლებიც არც თუ ისე მოცულობითია.
ვაჭრობა
ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირი ყველაზე აქტიური სავაჭრო მიმართულებით, კერძოდ იმპორტის ნაწილშია.
2025 წელს საქართველო-ხორვატიის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 14%-ით გაიზარდა და რეკორდული 22.7 მლნ დოლარი იყო. მაჩვენებელი 2021 წლიდან მზარდია. სავაჭრო ბრუნვა თითქმის სრულად იმპორტზე მოდის. გასულ წელს იმპორტმა 21.8 მლნ დოლარი შეადგინა, ექსპორტი კი მხოლოდ 852.3 ათასი დოლარი იყო.
2025 წლის მონაცემებით, ხორვატიიდან TOP 5 იმპორტირებული საქონელი ასე გამოიყურება:
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - $7.3 მლნ;
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურ-ფუნთუშეული - $2.2 მლნ;
- სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები -$1.4 მლნ;
- კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - $943.2 ათასი;
- პროდუქტები, ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი - $753.4 ათასი.
რაც შეეხება ექსპორტს, მაჩვენებლები ასეთია:
- თხილი და სხვა კაკალი - $394.8 ათასი;
- ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - $169.2 ათასი;
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $125 ათასი;
- მისაბმელები, ნახევრადმისაბმელები და სხვა; მათი ნაწილები - $64.4 ათასი;
- ბიუსტჰალტერები, ქამრები და ანალოგიური ნაწარმი ტრიკოტაჟისა - $25.5 ათასი.
ინვესტიციები
ვაჭრობის მსგავსად საქართველოში შემოსული პირდაპირი ხორვატიული ინვესტიციების მაჩვენებელი მცირეა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის ამ ქვეყნიდან ინვესტიციების შემოდინება 2017 წლიდან დაიწყო და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 2 მლნ დოლარზე მეტი, 2018 წელს დაფიქსირდა. 2024 წელს ხორვატიიდან ინვესტიციები 248.1 ათასი დოლარი იყო, ხოლო 2025 წლის 9 თვის სტატისტიკით, ხორვატიიდან FDI უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და -26.6 ათასი დოლარი შეადგინა.
ტურიზმი
ხორვატიიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების მაჩვენებლები, როგორც პანდემიამდე, ისე მისი დასრულების შემდეგ, არც ისე დიდია. მაჩვენებელი ყველაზე მაღალი, 2 011 ვიზიტი, 2019 წელს იყო. 2021 წლიდან კი მზარდია და 2025 წელს 1 940 ვიზიტი აღირიცხა.
ხორვატიიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები

ფულადი გზავნილები
2025 წელს ხორვატიიდან ფულადი გზავნილები 769.3 ათასი დოლარი იყო, რაც აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა მთლიან გზავნილებში უმნიშვნელო წილია (0.02%).



























