სამთავრობო დელეგაცია არაბთა გაერთიანებული საამიროებს სტუმრობს, რომლის შემადგენლობაში „ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის პირველი შეხვედრა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანს შედგა. შეხვედრა გაიმართა ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთანაც. ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი - ეს ის საკითხები იყო, რომლებზეც შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა.
„ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს მსხვილ დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან, რომლის ფარგლებში საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება.
ამასთან, დაგეგმილია შეხვედრა აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ-დაბი პორტის ჯგუფთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნის განვითარებაში და თბილისთან ახორციელებს მშრალი პორტის პროექტს, რომელიც 2025 წელს დასრულდება. იგეგმება კომპანიასთან თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სტრატეგიულ, ლოგისტიკურ და სატრანსპორტო პროექტებში“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
როგორია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ეკონომიკური კავშირები - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას BM.GE ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეეცდება. აღსანიშნავია, რომ საქართველო - არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება, 2024 წლის ივნისის ბოლოს გაფორმდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იმ დროისთვის აცხადებდა, რომ შეთანხმება ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ, თავისი არსით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი თაობის შეთანხმებას წარმოადგენს და კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყანას შორის ეკონომიკურ ინტეგრაციას. უწყების გავრცელებულ პრესრელიზში კი ნათქვამი იყო, რომ შეთანხმების ამოქმედების შემდგომ საამირობის მხრიდან მყისიერად გაიხსნება ბაზარი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქციაზე, როგორიცაა: საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ძირითადი ნაწილი, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი და ა.შ. უწყებაში იმასაც ამბობდნენ, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას სხვადასხვა სექტორში.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI)
გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების შემოდინება 2005 წლიდან დაიწყო და ყველაზე დიდი მოცულობის ფინანსური რესურსი 306 მილიონი დოლარის მოცულობით 2008 წელს ჩაიდო. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში საამიროებიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა არც ისე დიდია. წლების მიხედვით, რიცხვები ასე გამოიყურება:
- 2021 წელი - $31.2 მლნ;
- 2022 წელი - $28.5 მლნ;
- 2023 წელი - $41 მლნ;
ვინაიდან 2024 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ჯერ ცნობილი არ არის, პირველი სამი კვარტალის მონაცემებით კი გაერთიანებული საამიროებიდან ქვეყანაში 4 მლნ დოლარის ინვესტიციები შემოვიდა.
ვაჭრობა
საქართველოსა არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ვაჭრობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ხან იზრდებოდა, ხან კი მცირდებოდა. 2024 წელს ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ $374.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 14.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ბოლო 5 წელიწადში გაერთიანებულ საამიროებთან ვაჭრობის დინამიკა ასეთ იყო:
- 2024 წელი - $374.8 მლნ;
- 2023 წელი - $438.1 მლნ;
- 2022 წელი - $314.ს მლნ;
- 2021 წელი - $163.2 მლნ;
- 2020 წელი - $139.1 მლნ.
მიმდინარე წელს არაბთა გაერთიანებული საამიროებთან ვაჭრობის შემცირება, ძირითად იმპორტის კლებით, უფრო კონკრეტულად კი სატელეფონო აპარატებისა და ავტომობილების იმპორტის შემცირებითაა განპირობებული.
სავაჭრო ურთიერთობებშიც იმპორტს ძირითადი ნაწილი უკავია. წელს საქართველოდან სხვადასხვა საქონლის შესაძენად საამიროებში 333 მილიონი დოლარი გავიდა. იმპორტი 13.3%-ით არის შემცირებული.
როგორც აღვნიშნეთ, გასული წლის განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან სატელეფონო აპარატების, ავტომობილებისა და გამომთვლელი მანქანების იმპორტი შემცირდა, რაც უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ტოპ-სამეულშია. რას ვყიდულობდით გაერთიანებული საამიროებიდან გასულ წელს:
- სატელეფონო აპარატები - $165.9 მლნ;
- მსუბუქი ავტომობილები - $15.2 მლნ;
- კომპიუტერები - $13.4 მლნ;
- სიგარები და სიგარებელი - $11.8 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $9.4 მლნ;
- მიკროფონები - $9.04 მლნ;
- შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციები - $8.04 მლნ;
- ავტომანქანების მეორადი ნაწილები - $7.8 მლნ;
- სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - $7.3 მლნ;
- ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები $6.4 მლნ.
ექსპორტის და იმპორტის სასაქონლო ჯგუფები ერთმანეთს დიდწილად ემთხვევა, ვყიდდით გაერთიანებული საამიროებში 2024 წელს:
- მსუბუქი ავტომობილები - 9.2 მლნ;
- საფრენი აპარატები - $5.09 მლნ;
- ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - $3.8 მლნ;
- კომპიუტერები - $3.5 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $1.6 მლნ;
- სპირტიანი სასმელები - $1.4 მლნ;
- ოქრო - $1.3 მლნ;
- ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - $1.1 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები - $1.1 მლნ;
- სიგარები, სიგარილები - $1.1 მლნ.
ფულადი გზავნილები
2024 წელს გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში 21 მლნ აშშ დოლარამდე ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც 15%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე, როცა საამიროებიდან 18 მლნ აშშ დოლარამდე ჩაირიცხა.
ტურიზმი
2024 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროები 14,889 ვიზიტი განხორციელდა, რაც 4.7%-ით ნაკლებია 2023 წლის მაჩვენებელზე, როცა საამიროებიდან საქართველოს 15,635 ვიზიტორი სტუმრობდა.