გახსოვთ Aston Martin Valkyrie? - როგორ ჩანს, ადრიან ნიუისთვის ის უბრალოდ გასახურებელი ეტაპი იყო, რადგან ბრიტანელმა ინჟინერმა და დიზაინერმა ახალი ავტომობილი შექმნა, უფრო სწორად, ბოლიდი, რომელსაც Formula 1-ის შესაძლებლობები და ორი ადგილი აქვს.
ნიუის მორიგ შედევრს კოდური სახელი - RB17 აქვს, RB კი RedBull-ს ნიშნავს, რადგან სწორედ წითელი ხარების სიმბოლოს ქვეშ დაამხო ნიუის შემოქმედებამ Formula 1-ის რეკორდები და დინასტიები. სანამ RB17-ზე გავაგრძელებდეთ, გეტყვით, რომ ნიუის დაახლოებით ისეთი სტატუსი აქვს საავტომობილო ინდუსტრიაში, როგორიც მოცარტს მუსიკაში. ნიუის მიერ შექმნილ ბოლიდებს რეკორდული 200-მდე გრან-პრი აქვთ მოგებული, რაც მას Formula 1-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ დიზაინერად აქცევს.
რა ხდება მაშინ, როცა უმაღლესი სარბოლო დივიზიის მოცარტი „ჩვეულებრივი“ ავტომობილის შექმნას გადაწყვეტს? - ვიღებთ RB17-ს, ანუ 1,200 ცხენის ძალის მქონე, 900-კილოგრამიან ჰიბრიდულ სარბოლო ავტომობილს, რომელსაც V10-ის ტიპის 4.5 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული ძრავა აქვს, მის შექმნაზე კი Cosworth-ის სამჭედლომ იმუშავა, რომლის პორტფელში Bugatti Tourbillon-ის, Aston Martin Valkyrie-ს და GMA T.50-ის ძრავებს ვხედავთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს პლანეტაზე საუკეთესო ძრავებს სწორედ Cosworth-ში ქმნიან და RB17-ის V10 ამის დასტურია, რადგან ის წუთში 15,000-ჯერ ბრუნავს!
900-მა კილოგრამმა არ მოგატყუოთ, RB17-ის სიგრძე 5 მეტრს აღწევს, მისი სიგანე კი 2 მეტრია, რაც მას გაბარიტებით BMW X7-ის კონკურენტად აქცევს, თუმცა ამ ავტომობილების მსგავსება მხოლოდ სიგრძე-სიგანით მთავრდება, რადგან RB17-ს არაფერი აქვს საერთო არცერთ სერიული წარმოების ავტომობილთან, უფრო მეტიც, ის უფრო ახლოსაა F1-ის ბოლიდთან, ვიდრე ჩვეულებრივ ჰიპერქართან.
RB17-ის სხეული იმ აეროდინამიკური ექსპერიმენტის ნაწილია, რომელსაც ნიუი უკვე ათწლეულებია ახორციელებს. ავტომობილი უძრავ მდგომარეობაშიც კი სწრაფად გამოიყურება, რადგან მისი ყოველი დეტალი და სანტიმეტრი სარბოლო ტრასაზე კონკურენტების განადგურებაზეა ორიენტირებული. როგორც თავად მაესტრო აცხადებს, RB17-ს ნებისმიერ ტრასაზე შეეძლება ისეთი შედეგის ჩვენება, როგორიც F1-ის ბოლიდს, რაც უაღრესად ხმამაღალი განაცხადია, თუმცა მსგავსი რამის თქმის უფლება დედამიწაზე, ალბათ, მხოლოდ ნიუის აქვს.
ამ ექსტრემალური ავტომობილის საწყისი ღირებულება 6.5 მილიონ დოლარს შეადგენს და ჯამში მისი 50 ეგზემპლარის წარმოებაა დაგეგმილი. შესაძლოა გაგიჩნდეთ შეკითხვა, ვის რაში სჭირდება ისეთი ავტომობილი, რომლის მართვა ჩვეულებრივ გზებზე კანონით აკრძალულია? - პასუხი მარტივია, ის იმ უმდიდრეს ადამიანებზეა გათვლილი, რომელთაც ადრიან ნიუის მიერ შექმნილი F1-ის ბოლიდის მართვის გამოცდილების მიღება და სარბოლო ტრასებზე დამყარებული რეკორდების დამხობა სურთ, თანაც რჩეული მგზავრის გვერდით.