საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე BMGtv-ის გადაცემაში "საქმიანი დილა" ამბობს, რომ ჰიდრო ინვესტიციების მიმართ მოსახლეობის ნეგატიური განწყობების და პროტესტის შესამცირებლად ევროპას აქვს მექანიზმი, რომლის განხორციელების მცდელობა საქართველოშიც იყო.
ნინო ჩხობაძის თქმით, მშენებლობის პროცესში, აუცილებელია სარგებელი იყოს თემისთვის და არა, კომპენსაცია კონკრეტული პერსონებისთვის.
"ძალიან საინტერესო მექანიზმი აქვს ევროპას მოფიქრებული იმისთვის, რომ ადამიანები არ იყვნენ ინვესტიციების და კერძოდ, ჰიდრო ინვესტიციების წინააღმდეგი, ეს საკმაოდ ყბადაღებული თემაა საქართველოშიც. ეს არის სარგებელი თემისთვის და არა პერსონებისთვის. არა საკომპენსაციო პაკეტი, არამედ მექანიზმი, როგორ მიიღებს სარგებელს თემი. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ წამოიწყო, თუმცა კოვიდის გამო შემდეგ გაჩერდა. სულ ვწუხვარ, რატომ არ გვაქვს ეს ინიცირება და რატომ არ შეიძლება ამის მიტანა საზოგადოებამდე. მხოლოდ ის კი არა, რომ შენდება რაღაც, არამედ ის, რომ ამ მშენებლობიდან რაღაც პროცენტი ეკუთვნის თემს. ეს აღარ იქნება პერსონებზე და თუნდაც განხილვის პროცესში, არ დაჯდება ადგილობრივი და არ იკითხავს პირად სარგებელზე, რამდენი იქნება კომპენსაცია მისთვის. სარგებელი იქნება თემისთვის", - განაცხადა ჩხობაძემ.