მიმდინარე წელს კავკასიის რეგიონი ეკონომიკური ზრდის განსხვავებული დინამიკით, ჰეტეროგენული მონეტარული პოლიტიკით, ინფლაციის მკვეთრი სხვაობითა და სავალუტო მერყეობით ხასიათდება. უშუალოდ ქვეყნების მიხედვით კი ვითარება ასეთია:
თურქეთი
თურქეთში წლიური ინფლაციის დონე კვლავ მაღალ ნიშნულზე — დაახლოებით 30%-ის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როცა ცენტრალური ბანკის ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 39.5%-ზე ნარჩუნდება. მიუხედავად უკიდურესად მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა, თურქული ლირა დოლართან მიმართებით კვლავ დასუსტებულია და ერთი დოლარის კურსი 42.6 ლირას აჭარბებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025 წელს თურქეთის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 3%-ის ფარგლებში იქნება, რაც ეკონომიკის ნაწილობრივ სტაბილიზაციაზე მიუთითებს, თუმცა ინფლაციური რისკები კვლავ მაღალ დონეზე რჩება.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანში ინფლაციის დონე საშუალოდ 5–6%-ის ფარგლებშია, რაც ცენტრალური ბანკის მიზნობრივ ზონაში ჯდება. ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა შედარებით დაბალანსებულია და საბანკო სექტორი სტაბილურ რეჟიმში მუშაობს. IMF-ის შეფასებით, 2025 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 3.5%-ს მიაღწევს. ენერგორესურსებზე ექსპორტის შენარჩუნება და მაკროეკონომიკური დისციპლინა ქვეყანას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ეკონომიკად აქცევს.
სომხეთი
სომხეთს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. IMF-ის პროგნოზით, 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 5%-ით გაიზრდება. რეფინანსირების განაკვეთი ამჟამად 6.75%-ის ფარგლებშია, ხოლო წლიური ინფლაცია 4%-თან ახლოს მერყეობს. სომხეთის ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვანწილად მხარდაჭერილია მომსახურების, ექსპორტისა და ფინანსური სექტორის აქტიურობით.
რუსეთი
რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის მნიშვნელოვნად შემცირებულია. IMF-ის შეფასებით, მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ დაახლოებით 0.5–1%-ის ფარგლებში გაიზრდება. ინფლაციის დონე ოფიციალური მონაცემებით კვლავ 9–10%-ის ფარგლებშია, ხოლო რუსეთის ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთი დაახლოებით 16.5%-ს აღწევს. მიუხედავად მაღალი საპროცენტო განაკვეთისა, ინფლაციის შეკავება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სანქციები, ენერგეტიკული სექტორის ზეწოლა და შიდა ბაზრის სტრუქტურული პრობლემები ეკონომიკურ ზრდას სერიოზულად ზღუდავს, რაც გაუარესებულ მოლოდინებშიც გამოისახება.
საქართველო
საქართველოში 2025 წლისთვის IMF ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-ის ფარგლებში განსაზღვრავს, რაც ქვეყანას რეგიონში ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად აქცევს. ინფლაცია საშუალოდ 4.8%-ის ფარგლებშია და მიზნობრივ მაჩვენებელს 1.8%-ით აღემატება. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა კვლავ შედარებით მკაცრია და რეფინანსირების განაკვეთი ისევ 8%-ის დონეზე ნარჩუნდება. ეროვნული ვალუტა შედარებით სტაბილურია, დოლარის კურსი კი დაახლოებით 2.70 ლარის დიაპაზონში მერყეობს.

























