საავტომობილო ინდუსტრიაში რიცხვი 1 ბევრს ნიშნავს. სარბოლო სერიის მწვერვალი Formula 1-ია, ჩემპიონის ნომერი 1-ია, პირველი პოზიციის სიმბოლო P1-ია, McLaren-ის ფლაგმანური სერიის სახელშიც ყოველთვის 1-ია.
ჯერ იყო McLaren F1, რომელიც, ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, ყველა დროის საუკეთესო ავტომობილად ითვლება; შემდეგ ვიხილეთ McLaren P1, რომელმაც ტერმინი ჰიპერქარი დაამკვიდრა და დაგვანახა, თუ მაქსიმუმ რისი გაკეთება იყო შესაძლებელი 2013 წლის ტექნოლოგიით; ამჯერად კი 1-იანობის ტვირთა ახალმა ფლაგმანმა გადაიბარა, რომელსაც McLaren W1 ჰქვია.
F1-ის და P1-ის სულიერ გამგრძელებელს 1,258 ცხენის ძალა, 4-ლიტრიანი V8-ტიპის ტურბირებული ძრავა, Formula 1-ის სტილის ჰიბრიდული სისტემა, აქტიური აეროდინამიკური პაკეტი და რაც ყველაზე დაუჯერებელია, უკანა წამყვანი არქიტექტურა აქვს. დიახ, ბრიტანელმა ინჟინრებმა გონივრულად ჩათვალეს, რომ 1,258 ცხენის ძალა უკანა ორ საბურავზე გაეგზავნათ და ამ ავტომობილის ყიდვის უფლება ყველასთვის მიეცათ, ვისაც 18 წელი შეუსრულდა და რამდენიმე მილიონი დოლარი აქვს. ფასს რაც შეეხება, W1-ის საწყისი ღირებულება $2.1 მილიონს შეადგენს და ჯამში მისი 399 ეგზემპლარი შეიქმნება, ცხადია, ყოველი მათგანი წინასწარ უკვე გაყიდულია.
ეს ბრიტანული ჰიპერქარი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.7 წამში ჩქარდება, რაც უკანა წამყვანი ავტომობილისთვის გასაოცარი შედეგია. 0-დან 200 კმ/სთ-მდე აჩქარებისათვის W1-ს სულ რაღაც 5.8 წამი სჭირდება, რაც საავტომობილო ინდუსტრიაში დაფიქსირებული ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ს აღწევს.
W1-ს აქტიური დაკიდების სისტემა, ულტრა-მსუბუქი ძარა და ელექტრონული მართვის სისტემა აქვს. საერთო ჯამში, ავტომობილი 1,400 კილოგრამს იწონის, რაც, მისი სიმძლავრის გათვალისწინებით, დაუჯერებლად მსუბუქია.
ყველანაირი თვალსაზრისით, W1 ისტორიაში ყველაზე სწრაფი, მოქნილი და მძლავრი McLaren-ია, თუმცა რამდენად რევოლუციური და ეპოქალური იქნება ის და შეძლებს თუ არა ლეგენდარული წინაპრების, F1-ის და P1-ის მიღწევებთან სათანადოდ შეჭიდებას, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.