მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია მიმდინარე საპროტესტო აქციებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება? – ISSA-ს კვლევა

ხალხი

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ დაფინანსებით ჩატარდა, მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს მოსახლეობის 43% ემხრობა, ხოლო 35% - არა.

კვლევის შედეგები აჩვენებს მნიშვნელოვან განსხვავებას მხარდაჭერაში რეგიონებსა და თბილისს შორის. კერძოდ, საპროტესტო აქციების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად იზრდება თბილისელებში, სადაც მას გამოკითხულთა 62% ემხრობა. განსაკუთრებით მაღალია მხარდაჭერა პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებს შორის, სადაც მაჩვენებელი 78%-ს აღწევს.

რაც შეეხება რეგიონებს, იქ საპროტესტო აქციებს 40% არ ემხრობა, ხოლო მხარდაჭერა 35%-ს შეადგენს.

„ქართული ოცნების“ ამომრჩევლების შემთხვევაში, სურათი მკვეთრად განსხვავებულია: საპროტესტო აქციებს გამოკვეთილი უმრავლესობა (75%) არ ემხრობა, ხოლო მხოლოდ 7% უცხადებს მხარდაჭერას.

ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება

ISSA-ს ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა. კერძოდ, ამ პოზიციას მხარს უჭერს მოსახლეობის 55%, თბილისელების 63% და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩეველთა 88%. რეგიონებშიც კი ყოველი მეორე რესპონდენტი ემხრობა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 82% ეწინააღმდეგება ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

კვლევა ასევე შეეხო საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლების საკითხს, რასაც გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში. საქართველოს მოსახლეობის 73% ემხრობა დაკავებულების გათავისუფლებას. თბილისელებში ეს მაჩვენებელი 79%-ია, რეგიონებში - 70%, ხოლო პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებს შორის - 92%.

ISSA-ს მონაცემებით, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას თვით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების 40% ემხრობა, მაშინ როცა 50% ეწინააღმდეგება.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) საველე სამუშაოები 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში ჩაატარა. ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს გზით 2 000 რესპონდენტი გამოკითხა. სამიზნე ჯგუფს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობა (18+) წარმოადგენდა.

შერჩევის ცდომილება ±2.2% იყო მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით, ხოლო გამოპასუხების წილი - 71%. შერჩევის მეთოდად გამოყენებული იყო კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები