ნახევარგამტარების ინდუსტრიის გიგანტმა მსოფლიოს თავისი ფინანსური შედეგები წარუდგინა. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Nvidia-მ $35.1 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 94%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით მატება 17%-ს აღწევს.
რაც შეეხება მოგებას, მესამე კვარტალში კომპანიამ $19.3 მილიარდის მოგება მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 109%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ანუ საქმე გვაქვს გაორმაგებასთან.
ამჟამად კომპანიის მოგების მარჟა 74.6%-ს აღწევს, რაც უმსხვილეს კომპანიებს შორის დაფიქსირებული უპრეცედენტო მაჩვენებელია.
ყველა ფინანსური პარამეტრით Nvidia-ს შედეგები მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების მოლოდინებს, თუმცა წინა კვარტალთან შედარებით შემოსავლების ზრდის მაჩვენებელი ვერ აღმოჩნდა ისეთი დრამატული, როგორსაც ანალიტიკოსები ელოდნენ, ამიტომ მესამე კვარტალის შედეგებთან დაკავშირებით უოლ-სტრიტის განწყობა არაერთგვაროვანია და, მოგების გაორმაგების მიუხედავად, ინვესტორთა ნაწილის დამოკიდებულება Nvidia-ს მიმართ გაუარესებულია.
ამჟამად Nvidia-ს საბაზრო შეფასება $3.5 ტრილიონს შეადგენს და ის გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, ანუ ის პლანეტის უმსხვილესი კომპანიაა, რომელსაც 5-წლიან პერიოდში 2,700%-იანი ზრდა აქვს.