მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველოს ეკონომიკური კავშირები თურქეთთან? - რიცხვები

თურქეთი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ქვეყანა, როგორც საგარეო ვაჭრობის, ასევე ტურიზმისა და გზავნილების კუთხით საქართველოს მთავარი პარტნიორია.

bm.ge გთავაზობთ, საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკურ კავშირს რიცხვებში:

ვაჭრობა

საქართველოში იმპორტიორ ქვეყნებს შორის თურქეთი 624.5 მლნ აშშ დოლარით 2024 წლის I კვარტალშიც პირველ ადგილზეა. საერთო იმპორტში თურქეთის წილმა 18.5% შეადგინა.

ექსპორტში თურქეთი მხოლოდ მეექვსე ადგილზეა 97.1 მლნ აშშ დოლარით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 7.4%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ბრუნვის ზოგად მაჩვენებელს I კვარტალში თურქეთი ლიდერია 721.7 მლნ აშშ დოლარით.

თურქეთში TOP-5 ექსპორტირებული პროდუქტი 2024 I კვარტალში:

  1. ფეროშენადნობები - 24.9 მლნ აშშ დოლარი;
  2. მაისურები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 21.4 მლნ აშშ დოლარი;
  3. ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის - 9.3 მლნ აშშ დოლარი;
  4. რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები - 5.1 მლნ აშშ დოლარი;
  5. ალუმინის ნარჩენები და ჯართი - 3.2 მლნ აშშ დოლარი.

თურქეთიდან იმპორტირებული TOP-5 სასაქონლო ჯგუფი 2024 I კვარტალში:

  1. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 55.3 მლნ აშშ დოლარი;
  2. შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 16.4 მლნ აშშ დოლარი;
  3. სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 13.04 მლნ აშშ დოლარი;
  4. შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 12.9 მლნ აშშ დოლარი;
  5. მავთულები იზოლირებული, კაბელები - 11.4 მლნ აშშ დოლარი.

ინვესტიციები

2023 წელს თურქეთიდან 168.8 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

FDI-ის სახით ყველაზე დიდი თანხა კი, 2017 წელს 256.2 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა.

ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წელს, ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით თურქეთი რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა 1 396 660 ვიზიტორი, რაც 2022 წელზე 50.9%-ით მეტია. პანდემიამდელ 2019 წელზე კი, 20.8%-ით.

ფულადი გზავნილები

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წელს თურქეთიდან საქართველოში 112.8 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. გასულ თვეში კი თურქეთიდან 8 მლნ გადმოირიცხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები