BMG-ის გადაცემას "ჯანდაცვის სტანდარტი" ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო სტუმრობდა. წამყვანების კითხვაზე, რა არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის პოტენციალი მეტი განვითარებისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანამ რეგიონში საკუთარი ნიშა დაიკავოს - დავით სერგეენკოს რამდენიმე მაგალითი მოჰყავს.
"საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, როგორც კლინიკურ მედიცინას, ასევე საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და დიდი ხელშეწყობაც სჭირდება, რომ რეგიონული მოთამაშე გახდეს. თავის დროზე ჩვენ ვზომავდით, რა დიაგნოზებით გადიოდნენ ქართველები საზღვარგარეთ და ასევე რა დიაგნოზით შემოდიოდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში სამედიცინო სერვისების მისაღებად. ქართველების 90%-ზე მეტი გადიოდა ონკოლოგიური დიაგნოზით, ხოლო შემოდიოდნენ რადიოლოგიური დიაგნოსტიკისთვის, კარდიოლოგია და კარდიოქირურგიის მისაღებად. ეს ირიბ წარმოდგენას გვაძლევს, სად არის მეტი ინტერვენცია გასაკეთებელი და რა დარგებს აქვს უფრო მეტი პოტენციალი.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ჯანდაცვას, რომელიც ასევე ძალიან კარგად არის საქართველოში განვითარებული და ჩემი აზრით, უფრო მეტად ვიდრე კლინიკური მედიცინა, აქ გამორჩეული არის ც ჰეპატიტის ელიმინაცია. რომელთანაც უბრალოდ ვერცერთი სხვა ქვეყანა სიმდიდრის თუ სიღარიბის მიუხედავად, ახლოსაც კი ვერ მოვა." ამბობს დავით სერგეენკო.