მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველოს რეგიონების დეზინფორმაციისადმი მედეგობის ინდექსი? - კვლევა

646c866fa4f19
თამთა ჯიჯავაძე
24.05.23 00:35
882
2023 წლის 23 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციამ “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ წარადგინა კვლევის ანგარიში სახელწოდებით „საქართველოს რეგიონების დეზინფორმაციისადმი მედეგობის ინდექსი“.

რეგიონების მედეგობა ოთხი კატეგორიის მიხედვით შეფასდა. ესენია: ადგილობრივი ხელისუფლების მედეგობა, პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მედეგობა, საინფორმაციო გარემოს მედეგობა და საზოგადოების მედეგობა. საქართველოს თერთმეტივე რეგიონი 42-დან 54 ქულის ფარგლებში მოექცა, რაც ნიშნავს, რომ ყველა რეგიონში, დეზინფორმაციისადმი მედეგობის ხარისხი ყველა რეგიონში ერთნაირად პრობლემატურია და ახლოსაა საშუალო მაჩვენებელთან.

ადგილობრივი ხელისუფლების მედეგობა

კვლევაში მონაწილე ექსპერტებმა ყველა რეგიონიდან ერთხმად აღნიშნეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი, რაც მიუთითებს ადგილობრივ თვითმმართველობაზე ცენტრალური ხელისუფლების ძლიერ გავლენაზე. ეს კი ხელს უშლის რეგიონულ მმართველობას ადგილობრივ გამოწვევებს თავისი მანდატის შესაბამისად უპასუხოს. ამ მხრივ, სხვა რეგიონებთან შედარებით განსაკუთრებულად კრიტიკულად შეფასდა თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები.

ექსპერტები ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობის დაბალ ხარისხზეც საუბრობენ. ეს, მათი შეფასებით, განაპირობებს როგორც საზოგადოების, ასევე არასამთავრობო სექტორის და მედიის ინფორმირებულობის დაბალ ხარისხს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებით. ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მხრიდან ე.წ. „მონიტორინგის“ (ვოჩდოგი) ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიასაშუალების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას და მათთან მიმდინარე მოვლენებსა და საკითხებზე კომუნიკაციის ნაკლებობას. უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტში, შესაძლოა, უკეთესი მდგომარეობა იყოს საკრებულოს ან მერიის შემთხვევაში, თუმცა, ეს უფრო გამონაკლისია და ზოგად ტენდენციად გამჭვირვალობის ნაკლებობა რჩება.

ერთი შემთხვევის გარდა, არცერთი რეგიონის ექსპერტს არ უხსენებია დეზინფორმაციის და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ თუ საზოგადოების მედიაწიგნიერების ამაღლების მიზნით გატარებული ღონისძიებები. უფრო მეტიც, რამდენიმე რეგიონის მუნიციპალიტეტიდან ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლების მხრიდან საკუთარი სოციალური მედიის გვერდებზე ცენტრალური ხელისუფლების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული და დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი მასალების გაზიარების ფაქტებს აღნიშნავენ.

ექსპერტების შეფასებით, ხელისუფლების ინტეგრაციის პოლიტიკა თუ ქმედებები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) არ არის ეფექტური. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია სათანადო სტრატეგიული ხედვა, როგორ გაუმკლავდეს გამოწვევებს.

პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მედეგობა

პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების მედეგობის შეფასებისას ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური აქტიურობა დედაქალაქში რეგიონებთან შედარებით მაღალია. მათი თქმით, (ოპოზიციური) პარტიების უმრავლესობა რეგიონებში წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურდება, რაც განაპირობებს მდარე პოლიტიკურ ცხოვრებას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და პრობლემებზე დისკუსიაც შეზღუდულია.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პარტიული პოლარიზაცია, რაც ცენტრალურ დონეზე განსაკუთრებულად მწვავედ იგრძნობა, ნაკლებად შესამჩნევია რეგიონებში, თუმცა, პოლარიზება რეგიონებსაც სწვდება და ადგილობრივი პოლიტიკოსების საქმიანობაზეც აისახება. ეს კი ხელს უშლის კონსტრუქციული დიალოგის და კონსენსუსის გზით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. მაგალითად, იმერეთის საკრებულოს საქმიანობის შეფასებისას ერთ-ერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ოპოზიციური ფრაქციის მიერ დაყენებულ საკითხებს საკრებულო ხშირად არცკი განიხილავს.

თითქმის ყველა რეგიონის ექსპერტი საუბრობს მმართველი პარტიის ადგილობრივი პოლიტიკოსების მხრიდან მედიის და სამოქალაქო სექტორის მიმართ დისკრიმინაციულ განწყობებზე. ექსპერტების უმრავლესობის შეფასებით, ზოგადად, დეზინფორმაციის გავრცელებით მმართველი პარტია გამოირჩევა, თუმცა, ზოგიერთ რეგიონში ოპოზიციური პარტიების მხრიდან ოპონენტების საწინააღმდეგოდ მიმართული დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტებიც აღნიშნეს. ზოგიერთ რეგიონში ექსპერტებმა ისაუბრეს „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მხრიდან კრემლის დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტებზე, თუმცა, ექსპერტების უმრავლესობა ამბობს, რომ ამას განსაკუთრებული გავლენა არ აქვს საზოგადოებრივ აზრზე.

საინფორმაციო გარემოს მედეგობა

საინფორმაციო გარემოს შეფასებისას თბილისსა და სხვა რეგიონებს შორის მკვეთრი განსხვავება იკვეთება. თბილისი გამოირჩევა მედიაპოლარიზაციის მაღალი ხარისხით, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული მაუწყებლების უდიდესი ნაწილი, რომელთაც გამოკვეთილი პოლიტიკური პრეფერენციები აქვთ, სწორედ თბილისში არიან თავმოყრილნი. ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სხვა რეგიონებშიც არიან პროსახელისუფლებო და პროოპოზიციური ორიენტაციის მედიასაშუალებები, პოლარიზაცია ნაკლებად იგრძნობა. ისინი აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური პრეფერენციების მიუხედავად, ადგილობრივი მედიასაშუალებების გაშუქება მეტ-ნაკლებად უფრო დაბალანსებულია, ვიდრე ცენტრალური მედიასაშუალებების. ზოგადად, ექსპერტები ჯანსაღი საინფორმაციო გარემოს შენარჩუნებისთვის ხაზს უსვამენ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების როლს. ამასთან, ექსპერტების უმრავლესობის შეფასებით, რეგიონებში მედიასაშუალებების მფლობელობა მნიშვნელოვნად გამჭვირვალეა და ცნობილია საზოგადოებისთვის.

შეფასებული 11 რეგიონიდან, მცხეთა-მთიანეთში არ არსებობს საინფორმაციო მედიასაშუალება და მოსახლეობის ნაწილი (დუშეთის მუნიციპალიტეტში) ერთი ადგილობრივი სპეციალიზებული ტელევიზიის საშუალებით ეცნობა ადგილობრივი თემისთვის საინტერესო ამბებს. ამასთან ერთად, ინფორმაციას რეგიონის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთებიდანაც იღებს. მსგავსია მდგომარეობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სადაც მოსახლეობისთვის ადგილობრივ ამბებზე ინფორმაციის ძირითადი წყარო, გარდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიებისა, არის ერთი დამოუკიდებელი ონლაინ მედიასაშუალება.

სამცხე-ჯავახეთის მედიაგარემო, რომელსაც სხვა რეგიონებთან შედარებით უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მაღალი შეფასება ჰქონდა, ექსპერტების თქმით, მრავალფეროვანი და დაბალანსებულია და ჟურნალისტები “არ ერიდებიან მწვავე საკითხების გაშუქებას…”. მსგავსი შეფასება გაკეთდა ქვემო ქართლის და გურიის ადგილობრივ მედიასაშუალებებთან დაკავშირებითაც.

ექსპერტები საუბრობენ დამოუკიდებელი მედიების გამოწვევებზე, რომელთა შორის ყველა რეგიონში ახსენეს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და ფინანსური მდგრადობის საკითხი. ფინანსურმა არამდგრადობამ განაპირობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დამოუკიდებელი საინფორმაციო ინტერნეტპორტალის დახურვა 2023 წელს. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს უარყოფით გავლენას მოახდენს რეგიონის საინფორმაციო გარემოზე, პირველ რიგში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის მოსახლეობის ინფორმირების კუთხით. ზოგადად, ადგილობრივი ტელეარხების უმრავლესობას ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემების მომზადებისთვის საჭირო ფინანსური რესურსები ხშირად არ გააჩნია. კახეთის რეგიონში დეზინფორმაციულ გამოწვევებთან გამკლავების ეფექტურ საშუალებად საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

ექსპერტებმა ყველა რეგიონიდან ისაუბრეს სამოქალაქო ორგანიზაციების წვლილზე რეგიონის მოსახლეობის განვითარების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში. თუმცა, მათი ნაწილი ასევე აღნიშნავს, რომ ე.წ. „გონგო“, იგივე მთავრობის გავლენის ქვეშ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოქმედებენ, რომლებიც სახელისუფლებო პოლიტიკას ატარებენ. რამდენიმე რეგიონში აღინიშნა ფაქტჩეკერების წვლილი საინფორმაციო გარემოს გაჯანსაღების პროცესში.

ერთ-ერთი ექსპერტის განცხადებით, ვინაიდან არ არსებობს ყველა ადგილობრივი მედიის მონიტორინგის შესაძლებლობა, მისი შეფასებები ძირითადად პირად დაკვირვებებსა და პროფესიული წრეების განცხადებებს ეყრდნობა. ადგილობრივი მედიასაშუალებების შეფასების სიმწირე თითქმის ყველა რეგიონში გამოიკვეთა.

საზოგადოების მედეგობა

მოსახლეობის შეფასებისას ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, ისევე როგორც ევროკავშირში ინტეგრაცია. ექსპერტების შეფასებით, ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუძლია კრიტიკულ დროს სწორი არჩევანის გაკეთება, დასტურდება 2023 წლის მარტის მოვლენებითაც (ე.წ. „რუსული კანონის“ მიღების წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები). ზოგიერთი ექსპერტის აზრით, საზოგადოების მიერ პროევროპული არჩევანის გაკეთების სასარგებლოდ მოქმედებს ინტერნეტის გავრცელება, ახალგაზრდების მიერ ტექნოლოგიების ფლობა, მეტი გახსნილობა, მოსახლეობის ნაწილის დასავლეთის ქვეყნებში ცხოვრების გამოცდილება.
ექსპერტები თითქმის ყველა რეგიონიდან საუბრობენ იმ გამოწვევებზეც, რომელთა წინაშეც დგას მოსახლეობა და რომელთა აღმოფხვრა მნიშვნელოვანია საზოგადოების მედეგობის გასაძლიერებლად. ამ გამოწვევებს შორის არის მოსახლეობის მედიაწიგნიერების დაბალი დონე, რაც ექსპერტებმა ყველა რეგიონში აღნიშნეს. იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებული არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები, სახელმწიფო ენის ცოდნა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რაც ხელს უშლის მოსახლეობას ნაწილს სრულყოფილად მიიღოს გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან წლების განმავლობაში მედიის და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული კამპანიები ადგილობრივ მოსახლეობაზეც ახდენს გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების თავდასხმის ობიექტი ცენტრალური მედიებია, როგორც წესი, ზოგადად მედია, როგორც ინსტიტუტი და მისი რეპუტაცია საზოგადოების თვალში დაზიანდა.

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობაში კრემლის დეზინფორმაციის წარმატებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის, ექსპერტების თქმით, დაუცველობის განცდა, რომელიც რუსეთთან მიმართებაში აქვთ. ამის მიზეზად ექსპერტები სახელმწიფოს და ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომებს ასახელებენ, რაც მათი აზრით, სტრატეგიული ხედვის და მოსახლეობასთან კომუნიკაციის სიმწირეში გამოიხატება.

ექსპერტები ამბობენ, რომ ცალკეულ შემთხვაში, რუსეთის მიმართ დამოკიდებულების ფორმირებას, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, შესაძლოა განაპირობებდეს მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები