მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი აშშ-სთან, სადაც დღეს, პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება?

აშშ / საფონდო ბირჟა

რამდენიმე საათი დარჩა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე. დონალდ ტრამპი ფიცს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე [საქართველოს დროით 21|:00 საათზე} დადებს და მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.

ტრამპის ოფიციალურად გაპრეზიდენტების შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს პოლიტიკის ცვლილების ტრაექტორიას ელოდება მთელი მსოფლიო. მათ შორის, საქართველოც, რომლის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებაც, დიდწილად ამაზე იქნება დამოკიდებული.

BM.GE გთავაზობთ სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებს მეგობარ ამერიკასთან, რომელთანაც მოქმედი მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო, დროებით სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება შეჩერებულია.

ვაჭრობა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვამ 2.188 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.8%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. შედეგად, ქვეყანა ბრუნვის მოცულობის მიხედვით, თურქეთისა და რუსეთის შემდეგ მესამე ადგილზეა.

გასულ წელს, ამერიკა საქართველოში იმპორტიორ ქვეყნებს შორის თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზე იყო. 2024 წელს, აშშ-დან საქართველოში 2.04 მლრდ-ს საქონელი შემოვიდა, რაც 0.2%-ით ნაკლებია 2023 წლის მაჩვენებელზე.

რაც ეხება ექსპორტს აქაც, აშშ ათეულშია, თუმცა 141 მლნ აშშ დოლარით. წლიური ზრდა 45.4%-ია.

2024 წელს აშშ-დან საქართველოში TOP-10 იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფები:

  1. მსუბუქი ავტომობილები - 1.8 მლრდ აშშ დოლარი;
  2. დანარჩენი საქონელი - 31,2 მლნ აშშ დოლარი;
  3. თხილი და სხვა კაკალი - 22.9 მლნ აშშ დოლარი;
  4. ფრინველის გაციებული და გაყინული ხორცი - 13.2 მლნ აშშ დოლარის;
  5. კვების პროდუქტები - 6.5 მლნ აშშ დოლარის;
  6. მოტოციკლები და ველოსიპედები - 6.3 მლნ აშშ დოლარის;
  7. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 6.3 მლნ აშშ დოლარის;
  8. ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა - 4.6 მლნ აშშ დოლარის;
  9. სატვირთო ავტომობილები - 4.4 მლნ აშშ დოლარის;
  10. ავტომანქანების მეორადი ნაწილები - 3.6 მლნ აშშ დოლარის.

2024 წელს საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული TOP-10 სასაქონლო ჯგუფები:

  1. ფეროშენადნობები - 90.2 მლნ აშშ დოლარის;
  2. შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 8.4 მლნ აშშ დოლარის;
  3. საფრენი აპარატების ნაწილები - 7.2 მლნ აშშ დოლარის;
  4. ღვინო - 7.1 მლნ აშშ დოლარის;
  5. წყალბადი, ინერტული აირები - 5.3 მლნ აშშ დოლარის;
  6. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 4.6 მლნ აშშ დოლარის;
  7. სპირტიანი სასმელები - 2.7 მლნ აშშ დოლარის;
  8. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული - 1.8 მლნ აშშ დოლარის;
  9. მინერალური და მტკნარი წყლები - 1.6 მლნ აშშ დოლარი;
  10. ხის სამშენებლო ნაწარმი - 1.1 მლნ აშშ დოლარი.

FDI

4 კვარტლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის. გასული წლის 9 თვეში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 40%-ით $966 მილიონამდე შემცირდა. აქედან თითქმის განახევრებულია მესამე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკაში განხორციელებული FDI-ც, რამაც ივლის-აგვისტო-სექტემბერში 197.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

ქვეყნის ეკონომიკაში ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ათეულში ამერიკის შეერთებულ შტატებს მხოლოდ მესამე კვარტალში მეშვიდე ადგილი ეკავა. ამ დროს ამერიკული ინვესტიციების მოცულობამ 22.3 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2023 წლის მესამე კვარტალში 64.8 მლნ დოლარი იყო.

წლის 9 თვეში კი ამერიკული FDI-ის მოცულობა მთლიან ინვესტიციებში 74.4 მილიონი დოლარი იყო, მაშინ როდესაც 2023 წლის პირველ 9 თვეში ამერიკიდან 147.4 მლნ დოლარი შემოვიდა.

BM.GE-მ საქსტატიდან იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა, სადაც III კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო. TOP-10 ინვესტორი კომპანიის ჩამონათვალი ასეთია:

  • World Vision International-ის ფილიალი საქართველოში
  • ეკონომიკის გაუმჯობესება ძლიერი საზოგადოებისთვის ფილიალი საქართველოში
  • შპს მაგთიკომი
  • საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალი-CNFA საქართველო
  • ისტ-უესტ მენეჯმენტ ინსტიტუტ, ინკ.-ის წარმომადგენლობა საქართველოში
  • შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
  • ეი არ დი, ინკ. ფილიალი
  • შპს ნათს ინქორფორეითიდ
  • შპს კომპანია კაიზენის წარმომადგენლობა საქართველოში
  • შპს ფარმვეი საქართველო 2023-2 ოპკო

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით

ფულადი გზავნილები

საქართველოში გასულ წელს ფულადი გზავნილების სახით 3.36 მილიარდი დოლარია გადმორიცხული. ქვეყნების მიხედვით გზავნილებში პირველ ადგილს სწორედ აშშ იკავებს, საიდანაც გასულ წელს 573 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 24%-ით მეტი იყო.

ბოლო წლების სტატისტიკა კი ასეთია:

  • 2024 წელი - 573 მლნ აშშ დოლარი;
  • 2023 წელი - 456.3 მლნ აშშ დოლარი;
  • 2022 წელი - 327 მლნ აშშ დოლარი;
  • 2021 წელი - 284 მლნ აშშ დოლარი;
  • 2020 წელი - 218 მლნ აშშ დოლარი;
  • 2019 წელი - 178 მლნ აშშ დოლარი;
  • 2018 წელი - 154.9 მლნ აშშ დოლარი.

ტურიზმი

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 5 091 732 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. აქედან, 51,728 ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რაც 9.6%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები