მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ყირგიზეთის ეკონომიკური მდგომარეობა?

ყირგიზეთი

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებით, ყირგიზეთის რესპუბლიკის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში ერთ-ერთ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. თუ 2023-2024 წლებში ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად დაახლოებით 9%-ით იზრდებოდა, 2025 წლის მონაცემებით ზრდის ტემპმა 11.1%-ს გადააჭარბა, ხოლო 2026 წლის 9 თვის შედეგებით მან 10.8% შეადგინა.

ეკონომიკური ექსპანსიის მთავარ მამოძრავებელ ძალად სამშენებლო სექტორის მასშტაბური გააქტიურება, ოქროს ექსპორტი, შიდა სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდა და სავაჭრო-სატრანზიტო ნაკადების მკვეთრი მატება გვევლინება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლოდროინდელი ზრდის ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი სამთავრობო ინვესტიციებია. მაგალითად, ქვეყნის მთავრობამ კამბარ-ათას ჰიდროელექტროსადგურის პროექტსა და ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაში კაპიტალდაბანდებები გაზარდა და ქვეყანაში ათასობით სამუშაო ადგილი შექმნა.

რაც შეეხება საგარეო-ეკონომიკურ ფაქტორებს, 2022 წლიდან მოყოლებული ყირგიზეთი ევრაზიული სავაჭრო მარშრუტების ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო კვანძად ჩამოყალიბდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დასავლური სანქციების ფონზე გაზრდილმა რეექსპორტმა და სასაქონლო ტრანზიტმა საბაჟო და საგადასახადო შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა. პარალელურად, ოქროს მსოფლიო ფასების ზრდამ და კუმტორის საბადოდან ძვირფასი ლითონის ექსპორტმა ქვეყანას დამატებითი ბიძგი მისცა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას თან ახლავს გარკვეული მაკროეკონომიკური რისკებიც. შიდა მოთხოვნის გადახურებამ და საწვავის იმპორტის შეფერხებებმა ინფლაციური წნეხი 11%-მდე გააძლიერა, რის გამოც ყირგიზეთის ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 12%-მდე გაზარდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსების პროგნოზით, სავაჭრო-სატრანზიტო შემოსავლების ეტაპობრივი ნორმალიზების კვალდაკვალ, საშუალოვადიან პერიოდში ზრდის ტემპი შედარებით დასტაბილურდება, თუმცა ის ისევ გამორჩეულად მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

ცნობისთვის, 2025 წლის მონაცემებით ყირგიზეთის ნომინალურმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა თითქმის $23 მილიარდს მიაღწია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალმა $3,000-იან ნიშნულს გადააჭარბა. მოსალოდნელია, რომ 2026 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მშპ-ის მოცულობა რეკორდულ $26.7 მილიარდს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები