ჩანთების ქართული ბრენდი TERTMETI TBILISI ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და პროევროპული პროტესტის მხარდაჭერას გამოხატავს.
კომპანიაში გმობენ მშვიდობიანი აქციების დარბევას, უდანაშაულო მომიტინგეების დაკავებას და აღნიშნავენ, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ევროპის ნაწილი.
"საქართველოს ისტორიის განმავლობაში ჩვენი ხალხის არჩევანი ყოველთვის იყო თავისუფლება, დემოკრატია და ევროპული ღირებულებები. ეს არჩევანი ჩვენი იდენტობის ნაწილი და ეროვნული მისწრაფებაა. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ მომავალს, რადგან ეს გზა ჩვენი ხალხის თავისუფლების, ღირსებისა და განვითარებისთვის აუცილებელია.
თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის ქვეყნის მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე სურვილს, ვიყოთ ევროპის სრულფასოვანი ნაწილი. ეს გადაწყვეტილება დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფაა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი აქციების დარბევას, ჟურნალისტებზე სასტიკ ძალადობას,აქტივისტების დევნას და უდანაშაულო მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებას. ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობა დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს ეწინააღმდეგება და მიუღებელია. ჟურნალისტები, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, დაცულნი უნდა იყვნენ, ხოლო მშვიდობიანი პროტესტი – პატივცემული.
TERTMETI TBILISI დგას ქართველი ხალხის გვერდით ამ რთულ პერიოდში. გვწამს, რომ საქართველო გაუძლებს ყველა გამოწვევას და დაიკავებს ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში.
ჩვენ, როგორც ბრენდი, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ღიად დავუჭიროთ მხარი ჩვენს მოქალაქეებს, გამოვხატოთ ჩვენი პროდასავლური პოზიცია და ვიმოქმედოთ ევროპული ღირებულებების დასაცავად.
ჩვენი მტკიცე რწმენაა – საქართველო აუცილებლად იქნება ევროპის ნაწილი, რადგან ეს ჩვენი ხალხის არჩევანია.
TERTMETI TBILISI – ქართველი ხალხის მხარეს, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის!",- წერია განცხადებაში.