მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც ჩანს, "ოცნება" არჩევნების მოსაპარად ემზადება - PACE-ის 24 წევრის დეკლარაცია

არჩევნები

„არჩევნები საქართველოში – საგანგაშო მოვლენები“, ამ სათაურით გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვებგვერდზე დეკლარაცია, რომელსაც PACE-ის 24 წევრი აწერს ხელს.

დეკლარაციის მიხედვით, არის ცნობები, რომლებიც მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების მოსაპარად ემზადება.

ამასთან, დეკლარაციაში საუბარია ოპოზიციის და ამომრჩევლების დაშინებაზე და ხაზგასმულია, რომ არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და კურსი შეცვალოს.

“საქართველოდან საგანგაშო ცნობები მოდის, რომლებიც, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპარად ემზადება.

ეს მოიცავს მასიური დაშინების კამპანიას ოპოზიციური კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომელთა უძრავი ქონება იძარცვება და რომელთა ოჯახებს ემუქრებიან. ასევე, იყო ფიზიკური თავდასხმები ოპოზიციონერ აქტივისტებზე.

ამომრჩევლებს, ასევე, აშინებენ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათი ხმის ანონიმურობას - “მთავრობას ეცოდინება ვის მიეცი ხმა და ამას შედეგები მოჰყვება”.

ბევრ ეროვნულ სადამკვირვებლო ჯგუფს ხელს უშლიან თავისი სამუშაოს შესრულებაში ანტიკორუფციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებით იქამდეც კი, ვიდრე ე.წ. “უცხოური აგენტების კანონი” შევა ძალაში.

საბოლოოდ, როგორც ჩანს, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლახან მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა.

ამგვარმა ქმედებებმა შექმნა წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც ძალიან რთულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალოს კურსი.

ამიტომ, საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის, როლი გადამწყვეტია იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლად განსაზღვროს თავისი მომავალი”, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები