გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ავტოიმპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი თემაც ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის საკითხები და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება იყო.
მეორეული ავტომობილების ნარჩენების მართვის რეგლამენტი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ნაწილია - ეს ნარჩენების მართვის მოდელია, რომელიც მოიცავს მწარმოებლის პასუხისმგებლობას საკუთარ პროდუქტზე, ამ პროდუქტის მოხმარების შემდგომ ეტაპზეც, პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
სწორედ ამ მოდელის დანერგვის მიზნით, მთავრობის მიერ 2020 წლის 25 მაისს დამტკიცდა 4 ტექნიკური რეგლამენტი, საიდანაც 2 რეგლამენტი საბურავების, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვას შეეხებოდა და ეტაპობრივად უნდა ამოქმედებულიყო 2022 წლის ივლისიდან. მიუხედავად ამისა, მთავრობას მეორეული ავტომობილების ნარჩენების შესახებ რეგლამენტი კვლავაც არ დაუმტკიცებია და კერძო სექტორთან მოლაპარაკებების ახალი ციკლიც დაიწყო.
რაზე ისაუბრეს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ავტობიზნესის წარმომადგენლებმა დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე - ამ საკითხზე BM.GE-ს კითხვებს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ უპასუხა. მისი თქმით, შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ რეგლამენტს, რომელიც 4 წლის წინ შემუშავდა, ბიზნესი, ჯერჯერობით, კარგად არ იცნობს.
"შეხვედრას სამუშაო ხასიათი ჰქონდა. მისასალმებელია, რომ სამინისტრო მზად არის კომუნიკაციისთვის და ბიზნესის მოსაზრება აინტერესებთ. ეს პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო, რომელზეც პრეზენტაცია შედგა. ჩვენი ასოციაცია ამ ტექნიკურ რეგლამენტს თავიდანვე იცნობდა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ოთხი წლის წინ მიღებულ დოკუმენტშიც გარკვეული ცვლილებებია შესული, რომლებიც გამოგვეგზავნება.
როგორც მივხვდით, კომპანიების ნაწილი ამ რეგლამენტს დეტალურად, პრაქტიკულად, არ იცნობდნენ. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზე კითხვებიც ნაკლები იყო. მეორე შეხვედრა რომ გაიმართება, იქ უფრო დეტალურად, პუნქტობრივად გავივლით ყველაფერს. ჩვენც გვაქვს გარკვეული კითხვები, მაგრამ მაინც ჯობია, რომ დაველოდოთ ტექსტურ დოკუმენტს. საჭიროა, უფრო დეტალურად ვნახოთ, რა ცვლილებებია შესული და რა მიდგომებია, რისთვისაც ბოლომდე უნდა წავიკითხოთ შინაარსობრივად რეგლამენტის ტექსტი და მერე უკვე ჩამოყალიბებული აზრი გვექნება, თუ რა უნდა შევთავაზოთ ცვლილების სახით სამინისტროს. გაითვალისწინებენ თუ არ გაითვალისწინებენ - ეს დროთა განმავლობაში გამოჩნდება", - ამბობს ალექსი ნონიაძე BM.GE-სთან ინტერვიუში.
ასოციაციის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი რეგულაციისთვის ფეხის ასაწყობად კერძო სექტორს გარკვეული დრო დასჭირდება. ალექსი ნონიაძე აღნიშნავს, რომ სამინისტროს ძველი მიდგომისგან განსხვავებით, დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მთავრობა მზადაა, ბიზნესის პოზიცია გაითვალისწინოს.
"კერძო სექტორს, ალბათ, დრო დასჭირდება, ჩვენი აზრით. ასე პირდაპირ, ხელაღებით ერთ და ორ დღეში თემა ვერ გადაწყდება და, როგორც დავინახე დღევანდელ შეხვედრაზე, სამინისტროს თანამშრომლები ხვდებიან, რომ ამას გარკვეული დრო სჭირდება და ეს უკვე კარგია, იმიტომ, რომ წინა მიდგომა რადიკალურად სხვა იყო.
გვახსოვს 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით რეგლამენტის შემოტანა. მაშინ ჯერ გადაწყვეტილება მიიღეს და მერე ვიყავით კითხვა-პასუხის რეჟიმში ასოციაციაც და ბიზნესის წარმომადგენლები. ახლა მისასალმებელია ფაქტი, რომ სანამ გადადგამენ ნაბიჯს, სფეროს ეკითხებიან, რა გავაუმჯობესოთ და რა ცვლილებები შევიტანოთო. რამდენად მზად იქნებიან ამ ცვლილებებისთვის, ეს გამოჩნდება, რადგან, როგორც გითხარით, მხოლოდ პრეზენტაცია ჩატარდა დღეს", - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.
ცნობისთვის, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი საქართველოში 2024 წლის 1 იანვრიდან აიკრძალა. კანონის მიღების მიზეზად მთავრობა ჰაერის დაბინძურების მაღალ ხარისხს ასახელებდა.




























